როგორ ავიცდინოთ ლიბერალიზმის მახათი?! (შენიშვნები „თეოლოგ“ ზ. უძილაურის ერთ ნაშრომზე)

       საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ათასი ჯურის ნეოლიბერალი ნაირგვარი ცილისმწამებლური ბრალდებებით თავს რომ ესხმის, ახალი ამბავი არ არის. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ „თეოლოგ“ ზელიმხან უძილაურის წერილზე: „როგორ  ავიცდინოთ ფუნდამენტალიზმის მახვილი?“ (1)      

სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას ჭეშმარიტი თეოლოგიის არსის შესახებ, ვინაიდან ვაჟა-ფშაველას ერთი ლექსის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ: „თეოლოგები მომრავლდნენ, როგორც მაისში რწყილები.“ არაფერი რომ ვთქვათ გაურკვეველი რელიგიური აღმსარებლობის „თეოლოგებზე“, ბევრი მართლმადიდებელი სწავლულიც ამაყად იფერებს ღვთისმეტყველის წოდებას (მნიშვნელობა არ აქვს სასულიერო პირი იქნება იგი, თუ საერო). საკმარისია, ვინმემ რამდენიმე კვირიანი სტაჟირება გაიაროს უცხოეთის რომელიმე კოლეჯში და იგი უკვე დასრულებული “თეოლოგი“ და რელიგიური ექსპერტია.

მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, „ყველა ადამიანს არ ძალუძს ღვთისმეტყველება, ეს არ არის ამქვეყნად „ქვემოთ მოსიარულეთა“ საქმე, არამედ მხოლოდ მათი, ვინც გამოიცადა, ცხოვრება უფლის ჭვრეტაში გაატარა და, უპირველეს ყოვლისა, გაიწმინდა“ (2)  ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი იგია, ვისაც პიროვნული ღვაწლით შეუცვნია უფალი და ღვთისმეტყველებს საკუთარი სულიერი გამოცდილებიდან გამომდინარე. როგორც წმ. სილუან ათონელის სულიერი მემკვიდრე, არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) ბრძანებს: „არც უზომო რაოდენობის წიგნების კითხვას, არც ქრისტიანობის და სხვა რელიგიების ისტორიის გაცნობას, არც სხვადასხვა საღვთისმეტყველო სისტემების შესწავლას არ მივყავართ საბოლოო მიზნამდე: ცხონებამდე ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნების გზით… აკადემიური ღვთისმეტყველების საუკუნეობრივმა გამოცდილებამ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ შესაძლებელია შემთხვევა ბრწყინვალე ერუდიციის ფლობისა სამეცნიერო ღვთისმეტყველებაში ცხოველი რწმენის არსებობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ღვთისმეტყველება ხდება ინტელექტუალური პროფესია, მსგავსი იურისპოდენციისა…“ (3).  წმ. მაქსიმე აღმსარებლის თქმით კი, „ცოდნა პრაქტიკის გარეშე დემონური ღვთისმეტყველებაა“.     თვით დოგმატთა სრულყოფილი შემეცნებაც მისტიკური გამოცდილების საფუძველზეა შესაძლებელი. ერთი უსწავლელი წმიდა მამის დოგმატური ცოდნა გაცილებით უფრო ზუსტია ვიდრე ათი თეოლოგიის დოქტორისა: „დოგმატური შემეცნება, გაგებული როგორც სულიერი ცოდნა, ღმერთისგან მოდის საჩუქრად ისე, როგორც ჭეშმარიტი ცხოვრება ღმერთში შეუძლებელია ღმერთის წვევის გარეშე“ (4).

მართლმადიდებლური გარდამოცემით, სამი წმიდანი ატარებს ღვთისმეტყველის წოდებას: წმ. იოანე ღვთისმეტყველი, ყველაზე მისტიკური მახარებელთა შორის, სწავლებათა მისტიკური სიღრმით გამორჩეული წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და მართლმადიდებლური მისტიკის მწვერვალი წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. ეს ფაქტი ცხადად მიუთითებს, თუ როგორი კრძალვით ეპყრობა ეკლესია „ღვთისმეტყველის“  წოდებას.

ნამდვილი ღვთისმეტყველების საფუძველი პიროვნულ-მისტიკური გამოცდილებაა და არა სამეცნიერო-ინტელექტუალური მოღვაწეობა. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების ნიჭი მოიპოვება არა თეოლოგიაში სადოქტორო დისერტაციის დაცვით, არამედ სულიერი შრომითა და ასკეტიზმით. ათეისტსაც თავისუფლად შეუძლია დაიცვას სადოქტორო დისერტაცია სამეცნიერო თეოლოგიაში, მაგრამ იქნება იგი ღვთისმეტყველი ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით? თანამედროვე თეოლოგები, საუკეთესო შემთხვევაში, ღვთისმეტყველების ისტორიკოსები არიან და არა ღვთისმეტყველები ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით.

თანამედროვე ე.წ. „ლიბერალური თეოლოგიის“ მიზანი აღარ არის ადამიანის განღმრთობა. იგი ხშირ შემთხვევაში დაცლილია სოტერიოლოგიური შინაარსისაგან და იესო ქრისტეს გაიაზრებს არა როგორც კაცობრიობის ცოდვათათვის ჯვარცმულ ღმერთს, არამედ უბრალო ზნეობის მასწავლებელსა და მისაბაძ პიროვნებას.

ვლადიმირ ლოსკის თქმით: „ღმერთი არაა მეცნიერების საგანი და ღვთისმეტყველებაც რადიკალურად განსხვავდება ფილოსოფიური აზროვნებისაგან. ღვთისმეტყველი არ ეძებს ღმერთს მსგავსად რაიმე საგნისა, არამედ თვით ღმერთი ეუფლება ღვთისმეტყველს…“ (5)

მაშ ასე, ვნახოთ თუ ვინ დაუფლებია „თეოლოგ“ ზ. უძილაურს, ღმერთი თუ ბელიარი?

საზოგადოდ, ყოველგვარი ღვთისმეტყველების საფუძველია რელიგიის აღირება ადამიანის სულიერი ცხოვრების უმაღლეს სფეროდ. აქ აღარ მოვიტანთ ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა აურაცხელ ციტატებს, რომ რელიგია არის კავშირის განახლება ღმერთთან, უსასრულოს ჭვრეტა და განცდა და ა.შ.

ზ. უძილაური კი, მსჯელობს რა რელიგიის ბუნებაზე, იმოწმებს არა წმიდანებსა და თეოლოგებს, არამედ მგზნებარე ათეისტებს: კარლ მარქსს, ემილ დურკჰაიმს, ზიგმუნდ ფროიდს და სხვ. . უძილაური სრულიად ეთანხმება ამ მოაზროვნეებს, რომ რელიგია წმინდა ავადმყოფობაა, რელიგიის მიზანი და მოწოდებაა მორწმუნე არა სხვაზე კეთილშობილი, არამედ უფრო წარმატებული გახადოს, ქონება და სიმყუდროვე შესძინოს მას, `რელიგია წმინდა ძალადობაა, რელიგია ბრუტალური მოვლენაა, ბრუტალური მამისმკვლელობის ნიადაგზე აღმოცენებული“… ზ. უძილაური აღფრთოვანებით იმეორებს ლუკრეციუსის სიტყვებსაც: რამდენი ბოროტება მოიტანა რელიგიამრელიგიამ კრიმინალური და უზნეო ქმედებები წარმოშვა.

ასეთი შეხედულება რელიგიის შესახებ მხოლოდ არარელიგიურ ადამიანს, ათეისტს შეიძლება გააჩნდეს. ამრიგად, ზ. უძილაურის სახით ჩვენ წინაშეა ათეისტური თეოლოგიის უნიკალური წარმომადგენელი.

მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მსჯელობისას ზ. უძილაური იმოწმებს ადოლფ ჰარნაკს, რომლის თქმითაც, ეს ეკლესია როგორც გარეგნული ეკლესია არის პროდუქტი აღმოსავლურად გადაგვარებული ქრისტიანობისაარავითარი პროფეტი, არავითარი რეფორმატორი, არავითარი დიდი გენიატრადიციონალიზმი და რიტუალიზმი განსაზღვრავენ მართლმადიდებლობის ხასიათს და აგრეთვე იმას, თუ რამდენად დაშორდა იგი სახარებას.

      პროტესტანტი რელიგიათმცოდნე ადოლფ ჰარნაკი მაღალი შეხედულების რომ არ იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რა გასაკვირია?  რატომ მაინც და მაინც პროტესტანტული კულტურის წარმომადგენლის აზრი უნდა დავიმოწმოთ მართლმადიდებლობაზე მსჯელობისას? ჰარნაკი ის „თეოლოგია“, რომელიც თვლის, რომ რწმენა მაღლა დგას დოგმატებზე და ქრისტიანული სწავლების შესანარჩუნებლად აუცილებელია დოგმატური აზროვნებისაგან განთავისუფლება.   მეცნიერი უარყოფს სახარებისეულ სასწაულებს, მიაჩნია რა ისინი მოციქულთა  შეზღუდული აზროვნების ინტერპრეტაციად. ქრისტეს კი იგი გაიაზრებს, როგორც უბრალოდ მისაბაძ პიროვნებას. ჰარნაკის აზრით, აღდგომა იმდენად რეალობა არ არის, რამდენადაც ქრისტეს არაჩვეულებრივი პიროვნების განუმეორებელი ზემოქმედების გამოძახილი ადამიანთა აზროვნებაში. როგორც პროტესტანტული კულტურის ღვიძლ შვილს, ჰარნაკს ქრისტიანობასთნ სრულიად შეუთავსებელი მიაჩნია ასკეტიზმი (6).  მის ცდომილებათა შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს.

ჰარნაკი ჩივის, რომ თურმე მართლმადიდებლურ ეკლესიაში გენიოსები და რეფორმატორები არ ყოფილან. გენიოსი, ი. კანტის მიხედვით, შეიძლება იყოს მხოლოდ ხელოვანი და არა რელიგიის ან მეცნიერების მოღვაწე. თუ ჰარნაკი გენიოსში განსაკუთრებული ინტელექტუალური უნარებით დაჯილდოებულ ადამიანს გულისხმობს, მაშინ უკვე ცილისწამებასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან მართლმადიდებლურ ეკლესის ჰყავს ისეთი დიდი ინტელექტით გამორჩეული წმინდანები, როგორებიც არიან: არეოპაგეტული კორპუსის ავტორი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. არსენ იყალთოელი, წმ. გრიგოლ პალამა და ა.შ.

რაც შეეხება რეფორმატორთა არ არსებობას, ეს ნაკლი კი არა ღირსებაა! რეფორმაცია იქ არის საჭირო, სადაც ადგილი აქვს ღვთაებრივი სწავლებიდან გადახვევას. მართლმადიდებლური ეკლესია კი, ერთგულია რა მოციქულთა მოძღვრებისა, არავითარ რეფორმაციას არ საჭიროებს.

თუ ავტორიტეტებზე მიდგა საქმე, დავიმოწმებთ უდიდესი რუსი მწერლის ფ. დოსტოევსკის აზრს დასავლური ქრისტიანობის შესახებ, რომლის მიზნებსაც აშკარად თუ ფარულად ემსახურებიან ზ. უძილაური და „ლიბერალი თეოლოგების“ მთელი არმადა: „რომის კათოლიციზმი ათეიზმზე უარესი გახლავთ… ათეიზმი მხოლოდ ნულს გვიქადაგებს, კათოლიციზმი კი უფრო შორს მიდის: წარყვნილ ქრისტეს გვიქადაგებს, მის მიერვე ცილდაწამებულსა და შეგინებულს… ის ანტიქრისტეს გვიქადაგებს… რომის კათოლიციზმი სარწმუნოება კი არ არის, არამედ დასავლეთ რომის იმპერიის გაგრძელება… ათეიზმი მისგან იშვა; სწორედ რომის კათოლიციზმისაგან,.. ათეიზმს მათდამი ზიზღმა მოუმაგრა ფეხი.“ (7)

ზ. უძილაური აკრიტიკებს მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას. იგი წერს: „რაკიღა საეკლესიო იერარქიის კიბეზე აღმასვლისათვის ადამიანურად არაზომვადი კრიტერიუმი „სულიერება“ დაწესდა, ამით განათლებული და ლიბერალი, უბრალოდ ალალი ადამიანების დაწინაურება გამოირიცხა… „სულიერება“ რუსული “დუხოვნოსწის“ როგორც სიტყვისა და როგორც იდეის კალკი უნდა იყოს… იდეაში რასაკვირველია იგი ღმერთშემოსილებას და ღვთისმოსაობას უნდა გულისხმობდეს… გაზომვა ღმერთშემოსილებისა მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა, ოდენ მას ძალუძს. ნაცვლად სულიერებისა სამღვდელოთა დასაწინეურებლად რომ დაწესებულიყო ადამიანურად ზომვადი კრიტერიუმები, მაგ.: განათლება, ბიოგრაფიული მონაცემები და სხვ., ვფიქრობთ, ამგვარი კატასტროფული მდგომარეობა აგვცდებოდა.“

ამ მსჯელობაში რამდენიმე უზუსტობაა დაშვებული:  ჯერ ერთი, როგორ შეიძლება

რუსული სიტყვის კალკი იყოს მასზე გაცილებით ძველი და შინაარსის

ადეკვატურად გამომხატველი ქართული ტერმინი: „სულიერი“ (ზედს. სახ.) და „სულიერება“ (აბსტრ. არს. სახ.). დავიმოწმებთ X-XI სს-ის ნიმუშებს: “რომელსა ჟამსა ხელი მიყოს კაცმან სახარებასა, გინა სხუასა წიგნსა სულიერებისასა“ (მამათა სწავლანი, 1955. გვ. 76,16); “რომელმან გულს-მოდგინედ იწყოს საქმედ საქმეთა სულიერებისათა, უწყოდენ მან“(იქვე, გვ. 153,3)

 

მეორეც, ცრუობს „თეოლოგი“, როცა ამბობს, რომ „გაზომვა ღმერთშემოსილებისა მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა, ოდენ მას ძალუძს“ ეს შეუძლიათ წმიდანებსაც, ვისაც აქვს სულიერი ჭვრეტის უნარი. პატერიკებში დადასტურებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც ღირს მამებს სასულიერო თანამდებობაზე უკურთხებიათ უბრალო ადამიანები. მაგ., წმ. გრიგოლ ნეოკესარიელმა, ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, მღვდელმთავრად ხელი დაასხა მენახშირე ალექსანდრეს (შემდგომში მღვდელმოწამე ალექსანდრე კომანელი). ხალხი მღვდელმთავრად ითხოვდა განათლებულ და მჭევრმეტყველ კაცს, წმ. მამამ კი სულიერად განჭვრიტა მენახშირეს სიწმინდე და დაადგინა იგი სასულიერო თანამდებობაზე (იხ. წმინდანთა ცხოვრებანი, 12 (25) აგვისტოს საკითხავი).

მართლმადიდებლური სწავლებით, მღვდლის დანიშნულებაა ცოდვილის სულიერი განკურნება. აქედან გამომდინარე, სასულიერო თანამდებობაზე ხელდასხმის მთავარი კრიტერიუმი შეუძლებელია იყოს სხვა რაიმე, გარდა სიწმიდისა. ღვთისმსახურმა ადამიანი სულიერად რომ განკურნოს, ვლ. ლოსკის თქმით, „..საკმარისი არაა კაცობრივი ბუნების იმ ღრმა ცოდნის ფლობა, რომელიც ხანგრძლივი გამოცდილებით მოიპოვება; აქ თითოეულჯერ საჭიროა მოცემული პიროვნების ხედვა, პიროვნება კი მხოლოდ გამოცხადებით შეიძლება იქნეს შეცნობილი“ (8).  წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი კატეგორიულად აცხადებს: ,,როგორც ბავშვის დაბადება შეუძლებელია მამის გარეშე, ასევე შეუძლებელია ზემოდან დაბადება, ანუ სულიწმიდის მადლის მიღება მისთვის, ვისაც არ ჰყავს სულიერი მამა… ხორციელი მამა შობს ხორციელ შვილებს, სულიერი მამა კი მათ, ვისაც სურთ მის ძეებად ყოფნა, ხდის სულიერ შვილებად. მაგრამ ის, ვინც ჯერ თვითონ არ დაბადებულა, ანდა დაიბადა და ჯერ ბავშვია, ანუ არ მიუღწევია სრულყოფილებისათვის, როგორ შეიძლება იყოს სხვისი მამა?!.. ის ვინც არ გამხდარა ნათლის ძე გრძნობითად და ცნობიერად… როგორ შეძლებს სხვას უხელმძღვანელოს ნათლისაკენ, ანდა ასწავლოს მათ, რა არის ნათელი, რომელიც მოვიდა სოფლად, რომ განანათლოს ბნელში მყოფნი. თვითონ ბრმაა და ვერ ხედავს, როგორ შეძლებს ის სხვებისთვის გზის ჩვენებას?“ (9)

მსგავსადვე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ჯერ საჭიროა საკუთარი თავის განწმენდა, ხოლო შემდეგ სხვებისა… ჯერ ნათელი უნდა გახდე, რომ შემდეგ სხვებში ნათელი შეიტანო, ჯერ უნდა მიუახლოვდე ღმერთს, რომ შემდეგ მასთან სხვებიც მიიყვანო; ჯერ უნდა იკურთხო, რომ შემდეგ აკურთხებდე.(10)

მორწმუნეთა ერთ ნაწილში გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ  მნიშვნელობა არ აქვს მღვდლის ზნეობრივ სახეს, რადგან, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს მღვდელი, მის მიერ ეკლესიური საიდუმლონი მაინც აღესრულება. მართალია, საიდუმლოთა აღსრულება მღვდლის ზნეობრივ სიწმიდეზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა მხოლოდ ერთი ასპექტია მორწმუნეს სულიერი ცხოვრებისა. თუ ამას წინ სულიერი მოძღვრის შრომა და ადამიანის განწმედა არ უდევს საფუძვლად, საიდუმლოებებში  მონაწილეობა უმალ წარმწყმედელად ექცევა ადამიანს, ვიდრე მაცხოვნებლად საიდუმლოებებში მონაწილეობა მორწმუნის თვითმიზანი კი არ არის, არამედ საშუალება კურნებისა: ,,მღვდელი, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მკურნალია, რომელიც ადამიანურ უძლურებას კურნავს. ღვთისმსახურება და ეკლესიის საიდუმლოებები უნდა ჩაერთოს განკურნების პროცესში.“ (11).  საიდულმონი შეიძლება შევადაროთ წამალს, მღვდელი კი – ექიმს. თუ ექიმი ვერ ერკვევა ჩვენს სნეულებაში და არასწორ დანიშნულებას გამოგვიწერს, წამალი კი არ განგვკურნავს, არამედ შეიძლება, უფრო ცუდადაც გაგვხადოს. ასე რომ, მკურნალს განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება სულიერი და ხორციელი მკურნალობის ჟამს.

წმ. მამათა აზრით, ნამდვილ მღვდელს უნდა გააჩნდეს სულიერი მჭვრეტელობის ნიჭი, ვინაიდან მის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი კონკრეტული პრობლემებით, ზოგადი შეგონებებით და რეცეპტეებით მის მკურნალობას იგი ვერ შეძლებს, ვინაიდან, როგორც ლოსკი აღნიშნავს, „პიროვნება  მხოლოდ გამოცხადებით შეიძლება იქნეს შეცნობილი“. ამიტომაც წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი იმ მღვდლების შესახებ, რომელნიც არ განწმედილან და მაინც მსახურობენ, ბრძანებს: ,,ვინც ჯერ მოწაფეც არ გამხდარა, როგორც ევალებოდა, და მიუხედავად ამისა, იტაცებს მასწავლებლობის პატივი, მას მოელის ათასჯერ უფრო საშინელი სასჯელი ვიდრე ბოროტმოქმედებსა და მკვლელებს. ვინაიდან ეს უკანასკნელნი სხეულს კლავენ, ხოლო ის კი – სულს.“ (12)

„ლიბერალური თეოლოგიის“ წარმომადგენლებს კი მღვდლობა ესმით როგორც უბრალო მოხელეობა, ფორმალობა. მთავარია მღვდელს ესმოდეს ეკლესიის დოგმატები და თეოლოგთა მემკვიდრეობის შესწავლით შესწევდეს უნარი სახარების განმარტებისა. ასეთი გაგება პირწმინდად პროტესტანტულია. საკმევლის კმევას, ჯვრის გამოსახვასა და ასამაღლებლის თქმას არავითარი განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება, მღვდლობის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ „სულიერად მღვდელი თავის სამწყსოზე მაღლა უნდა იდგეს“ (13) თუ მრევლსა და მოძღვარს შორის სიწმიდის თვალსაზრისით განსხვავება არ არის, ასეთი მღვდელი უძლურია განკურნოს ცოდვილი. სიწმიდის ნაცვლად იერარქიული დაწინაურების პირობად ზ. უძილაური გვთავაზობს: განათლებას, ბიოგრაფიულ მონაცემებს და სხვ.  ეს „და სხვ.“ რაღაც დიდმნიშვნელოვანს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ „თეოლოგი“ არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს. რაც შეეხება განათლებასა და ბიოგრაფიულ მონაცემებს, მათ უსათუოდ ექცევა ყურადღება ხელდასმის დროს, მაგრამ თუ მღვდელს სულიერი ჭვრეტა და სიწმიდე არ გააჩნია, განათლება და ბიოგრაფიული მონაცემები ვერაფერს უშველის. მაცხოვნებელი ძალა აქვს არა ერუდიციას, არამედ საღმრთო მადლს.

ასე რომ თუ ეკლესიაში პრობლემები არსებობს, ეს მომდინარეობს არა მართლმადიდებლური ეკლესიის ბუნებიდან, არამედ ცალკეული უღირსი სასულიერო პირებისაგან. სასულიერო თანამდებობზე ჭეშმარიტი მოძღვრები რომ დგინდებოდნენ, აუცილებელია თავად მათ მაკურთხეველ იერარქებს გააჩნდეთ სულიერი ხედვა, სიწმიდე, რადგან ეკლესია `წმიდათა საზოგადოებაა.~

ეკლესიაში საღად მოაზროვნე და განათლებული კადრების დასამკვიდრებლად, „თეოლოგის“ აზრით, „ჩვენმა სახელმწიფომ, თუ ის სახელმწიფოა, ან ასეთად ქცევას მაინც აპირებს, უნდა აღასრულოს თავისი მოვალეობა და დაიწყოს ეკლესიის კონტროლი“. შესანიშნავია, ბარემ ობერ-პროკურორი ჩავუყენოთ წმ. სინოდს სათავეში! ზ. უძილაური ვერ ფარავს თავის სიმპატიას საბჭოთა კავშირის რელიგიური პოლიტიკის მიმართ: „რელიგიის რწმუნებულის აპარატი, რომელიც სსრკ-ს დროს ეკლესიას აკონტროლებდა, ზოგიერთი მიმართებით ეკლესიისათვისაც კი სასარგებლო იყო. მაგ: შეშლილების, კრიმინალების მღვდლებად კურთხევა მაშინ ძალიან ჭირდა, დღეს კი ეკლესია ასეთებით გაივსო“.

ეს განცხადება სრული სიცრუე გახლავთ! პირიქით, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სწორედ კომუნისტური მმართველობის დროს აკურთხებდნენ ხოლმე კრიმინალებსა და КГБ-ს მიერ დამუშავებულ კადრებს. სწორედ ამ მოვლენების შემსწრე არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღშფოთებული მიმართავდა ერთ სასულიერო პირს: „სემინარიის წინ, კართან ორმო ამოთხარე, შიგ წყალი ჩაასხი და ვინც წყალზე არ გაივლის, რად გინდა ისეთი ადამიანები. შენ არ იცი, მაგრამ ჩეკისტებით აივსო აქაურობა. კაცი რწმენის მიხედვით უნდა მიიღო და არა საგნების ცოდნის მიხედვით“ (14)

თუ სახელმწიფო რელიგიის კონტროლს დაიწყებს, მაშინ პირველ რიგში, მოუწევს აკრძალოს ე. წ. „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაცია, ვინაიდან მათი სწავლებით, მორწმუნეთათვის კატეგორიულად დაუშვებელია სამხედრო სამსახური. ამ აღმსარებლობის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში კი სახელმწიფოს კრახი გარდაუვალია. სწორედ ამ მიზეზის გამოა აკრძალული ეს რელიგიური ორგანიზაცია მრავალ ქვეყანაში.

„თეოლოგი“ ეკამათება რა ერთ „ფუნდამენტალისტს“, მას სიყვარულის ნაკლებობას საყვედურობს და სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „მართლმადიდებლობა უსიყვარულოდ?“ ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მან თავად უნდა გვიჩვენოს სიყვარულის მაგალითი. ზელიმხან უძილაური ასეც იქცევა და ასე ახდენს საკუთარი სიყვარულისა და შემწყნარებლობის დემონსტრირებას: თანამედროვე მართლმადიდებლობა მისი თქმით, არის ბარბაროსობა, ფანატიზმი, შეშლილობა, სრული სიბნელე, გონებრივი ქონდრისკაცობა, ერის გამომათაყვანებელი ოპიუმი, სულიერი და პოლიტიკური მონობის იარაღი, სულის ჩამკვლელი, ჯალათობა, რუსეთუმეობა, კოლაბორაციონიზმი, მოძალადეობა, უსინდისობა. ვერაფერს იტყვი, სიყვარულის არაჩვეულებრივი გამოვლინებაა.

ზ. უძილაურის ნაშრომში ვხვდებით ნამდვილი თეოლოგისათვის შესაფერის ლირიკულ-„თეოლოგიურ“ გადახვევებსაც, მაგ.: „სკოლის დამთავრების შემდეგ, „ნახალოვკაზე“, სადღაც ოქტომბრის ქუჩაზე ნაქირავებ სარდაფში მარტო ვცხოვრობდი, არც სრულწლოვანი ვიყავ ჯერ და არც ქალთან ნამყოფი“. გვხვდება ისეთი განცხადებებიც, რომლებიც არავითარ კომენტარს არ საჭიროებს; რომ თითქოს თანამედროვე მართლმადიდებლობა „სტალინური ეპოქის შემოქმედება და იდეოლოგიური სახეცვლილებაა„, ანდა: „მართლმადიდებლობა სხვა არაფერია, თუ არა გასაბრუებელ-ნარკოტიკული საშუალება, ანუ სუბოტექსი.“

მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება ლიბერალი „თეოლოგების“ ამ უაზრო ცილისწამებისათვის: მაგ სიმართლით იარეთ!

 

 

შენიშვნები:

1. http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=145

2. მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, ბერძნულიდან თარგმნა ე. დუღაშვილმა, თბ., 2010, გვ. 28.

3.  Архимандрит Софроний (Сахаров), Видеть Бога как он есть, Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2006, გვ. 235.

4. წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლებანი, I-II, თბ., 2009, გვ. 185.

5.  ვლ. ლოსკი, დოგმატური ღვთისმეტყველება, თარგმნა ზ. ეკალაძემ, თბ., 2007, გვ. 3.

6. იხ. ა.ჰარნაკის `ქრისტიანობის არსი~ (1900), `დოგმატების ისტორია~ (1894-1898) და ა. შ.

7.  ფ. დოსტოევსკი, იდიოტი, თბ., 1987, გვ. 639.

8.  ვლ. ლოსკი, ოპტინელი ბერები, თბ., 2008, გვ. 19.

9.  Слова Преподобного Симеона Нового Богослова, т. II, М., 2006, გვ. 523-524.

10.  სქემარქიმანდრიტი იოანე (მასლოვი), ლექციები სამოძღვრო ღვთისმეტყველებაში, თარგმანი გ. რუხაძისა, თბ., 2007, გვ. 284.

11. მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბ., 2010, გვ. 55.

12.  Слова Преподобного Симеона Нового Богослова, т. II, М., 2006, გვ. 533.

13.  სქემარქიმანდრიტი იოანე (მასლოვი), ლექციები სამოძღვრო ღვთისმეტყველებაში, თბ., 2007, გვ. 497.

14. თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა, ცხოვრება, სწავლანი და მოგონებანი ბერი გაბრიელისა, თბ., 2009, გვ. 64.

ლევან ბებურიშვილი

Posted in რელიგიური პუბლიცისტიკა | Tagged , | Leave a comment

პასუხად ჟურნალი „სამი საუნჯის“ რედაქციას (არქიმანდრიტი გაბრიელის შესახებ)

სამეცნიერო-საზოგადოებრივ ჟურნალ ,,სამ საუნჯეში’’(2012წ. #2) დაიბეჭდა ვინმე ნუგზარ ძნელაძის (სავარაუდოდ ფსევდონიმია) მხატვრულ-პუბლიცისტური სტატია ,,ღვინით ნათქვამი სიმართლე”, რომელიც ბერი გაბრიელის წინააღმდეგ არის მიმართული.

ჟურნალის ამავე ნომერში მოთავსებული იყო  ჩვენი პუბლიკაციებიც  (ლ. ბებურიშვილი, „იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური მოძღვრების ზოგიერთი ასპექტი“, შ. მათითაშვილი, „ქართული ბერ-მონაზვნობა VI-VIII საუკუნეებში: სირიელი მამები“).

თავდაპირველად ორიოდე სიტყვას ძნელაძის პასკვილის შესახებ ვიტყვით.

ძნელია, აღშფოთების გარეშე წაიკითხო ძნელაძის როყიო განცხადება: ბერი გაბრიელ ურგებაძე ერთი ხარისხჩამორთმეული, სუსტი ნებისყოფის კაცი იყო.  ავტორის თქმით, მამა გაბრიელი ფსიქიკურად დაავადებული, ჩვეულებრივი ლოთი გახლდათ: „ხშირად გაბრიელ ბერს სალოსს, ანუ ქრისტესათვის სულელს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ მოღვაწის შინაგანი ცხოვრება განსაკუთრებული ასკეტიზმით უნდა ხასიათდებოდეს, მაგრამ ახლაც არიან ცოცხალი ადამიანები, რომელთაც მართლაც ნასვამი, და არა მოჩვენებით მთვრალი, ბერი არაერთხელ უნახავთ“ (გვ. 235). ვინ და როგორ გაარჩია ერთმანეთისაგან ნამდვილად ნასვამი იყო ბერი თუ მოჩვენებით მთვრალი, ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება მამა გაბრიელის სასწაულებსა და გამოცხადებებს, ძნელაძე განგვიმარტავს: „მედიცინაში არის ასეთი ცნება – სუგესტია, რაც გულისხმობს პაციენტზე ზემოქმედებას შთაგონების საშუალებით. მაგალითად, ადამიანს ტკივილი შეიძლება მოეხსნას უბრალო ჩხვლეტით, თუ იგი დარწმუნდა, რომ მას ნემსით გამაყუჩებელ წამალს უკეთებენ. ასევეა ჩვენს შემთხვევაშიც. ადამიანები წინასწარი შთაგონებით ითვისებენ გაბრიელზე კულტივირებულ ცრუ შეხედულებებს; ეს კი ხელის შემწყობი ფაქტორია იმ ცრუ წარმოსახვებისა, რომელთაც ეს ადამიანები გამოცხადებებს არქმევენ“ (გვ. 234).

თურმე შთაგონებით განკურნებულან უმძიმესი სასიკვდილო დაავადებებისაგან მორწმუნენი. მაგრამ ბერის შემწეობით განკურნებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც, რომელთაც არავითარი თვითშთაგონების უნარი არ გააჩნიათ. საინტერესოა, ამაზე რაღას იტყოდა, ბატონი ძნელაძე?!

ნარკვევში მამა გაბრიელის წინააღმდეგ   წმინდა ფარისევლური რიტორიკით საუბრობს ვინმე მამა შოთა. მამა შოთა აზროვნებითა და ბერ გაბრიელთან მიმართებით ძალიან ჩამოჰგავს მეუფე შოთას, მარგალიტაშვილს, კალისტრატედ წოდებულს, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ მამა გაბრიელი ჩვეულებრივი ლოთი გახლდათ.

ძნელაძის გამძვინვარების ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: „დღევანდელ საქართველოში თავისი ერისა და ეკლესიის უფრო დიდი მსახური, ვიდრე კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა, მე არ მეგულება; ხოლო ბერი გაბრიელი ხშირად ხმამაღლა განიკითხავდა მას. სხვათა მონაყოლზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს კარგად ჩანს მიტროპოლიტ ზოსიმეს (შიოშვილი) გამოცემული „მოგონებებიდან“(გვ. 235).

ბერი გაბრიელის უწმიდესი პატრიარქისადმი უდიდესი სიყვარულის დასტურია ის მოგონებები, რომლებსაც მამა გაბრიელის შესახებ გამოცემულ ნებისმიერ წიგნში უხვად შეხვდებით. რაც შეეხება მეუფე ზოსიმეს ოდიოზურ „მოგონებებს“, მათ შესახებ საგანგებოდ სხვა დროს ვისაუბრებთ, ერთს კი ვიტყვით: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია:  ეკლესიის წიაღში, ცხოვრების დიდი ნაწილის ეპისკოპოსად  გატარების მიუხედავად, მეუფე ზოსიმეს ზერელე წარმოდგენაც კი არ აქვს სალოსური მოღვაწეობის არსზე. მკითხველს თავი რომ არ შევაწყინოთ, მოკლედ გადმოვცემთ, რას მოგვითხრობს მეუფე ზოსიმე.

თურმე ბერი გაბრიელი ზურგს უკან განიკითხავდა უწმინდესს (ჯერ ერთი ეს რომ სიმართლეც იყოს, გარდაცლილი ბერის დაბეზღება პატრიარქთან და საკუთარი ერთგულების ასე დამტკიცება რა ეპისკოპოსის საქმეა), პირისპირ შეხვედრისას კი მას ფეხებში უვარდებოდა, განადიდებდა და ეპირფერებოდა, თან ამავდროულად, მეუფე ზოსიმეს უყურებდა თვალებში.

სალოსობა არის ადამიანის ირიბად მხილების ხელოვნება. მეუფე ზოსიმეს სულიერი ხედვა რომ ჰქონოდა, შენიშნავდა, რომ ამ საქციელით ბერმა ის სასულიერო პირები ამხილა, რომლებიც ზურგს უკან აძაგებდნენ პატრიარქს, პირისპირ კი ეპირფერებოდნენ და ელაქუცებოდნენ. დიდად სავარაუდოა, ერთი მათგანი თავად მეუფე ზოსიმე იყოს, რომლის წინაშეც გაითამაშა ეს სცენა ბერმა და რომელსაც, როგორც თავად მეუფე აღნიშნავს, ამ დროს თვალებში უყურებდა.

ძნელაძე წერს: „დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევდა, რომ მის უწმიდესობას არც ერთ ქადაგებაში, თვით სამთავროშიც კი, ყოფილი არქიმანდრიტი გაბრიელი არასოდეს უხსენებია. ეს არ არის უმნიშვნელო ფაქტი, ამაში პატრიარქის პოზიცია ჩანს“ (გვ. 235.) ახლა კი ყურები კარგად გამოიფხიკეთ, ბატონო ძნელაძე და მოისმინეთ პატრიარქის სიტყვები, თქმული, ბერის კანონიზაციის შემდეგ: მამა გაბრიელი იყო სალოსი. ვერ გაიგებდა ადამიანი, თუ სად ამბობდა რამეს პირდაპირ და სად სალოსურად, მაგრამ ყველაფერს ამბობდა იმისთვის, რომ ადამიანი გადაერჩინა. ეს იყო საოცრება. ჩვენ ძალიან ბევრი წმინდანი გვყავს, მაგრამ მამა გაბრიელი განსხვავდება სხვებისაგან. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როცა იგი ვითომ ხუმრობით ამხელდა ადამიანს. ამხელდა არა იმიტომ, რომ მისი დამცირება უნდოდა, არამედ იმიტომ, რომ გამოესწორებინა იგი. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მოუვლინა საქართველოს ახალი წმიდანი, მამა გაბრიელი, რომელსაც ეწოდა აღმსარებელი და სალოსი. იგი მომავალში უფრო დაეხმარება ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანას. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!

სხვთა შორის, მამა გაბრიელის კანონიზაციის მთავარი ინიციატორი სწორედ პატრიარქი გახლდათ და როდესაც ზოგიერთმა უღირსმა იერარქმა პროტესტის ნიშნად სინოდის სხდომაც დატოვა და ისე ჩანდა, საკითხი მომავლისთვის უნდა გადადებულიყო, პატრიარქმა თავისი ურყევი პოზიციით მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. ამით ყველაფერია ნათქვამი.

ძნელაძე განაგრძობს: „ბერი გაბრიელი… ცნობილი ზვიადისტი იყო. თუ ვინმეს ზ. გამსახურდიას ეროვნული ღვაწლი ხიბლავს, ეს არ ნიშნავს რომ აღმსარებლობის გაუთვალისწინებლად მისი კანონიზაცია მოითხოვოს… აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ბერი გაბრიელის კულტის პროპაგანდისტები მისი სახელით ზვიადიზმს ავრცელებენ და საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეკლესიის მთლიანობას“ (გვ. 237).

რაც შეეხება მამა გაბრიელის ზვიად გამსახურდიასთან დამოკიდებულებას, ბერი სრულიადაც არ აკერპებდა პრეზიდენტს. მამა გაბრიელს შეეძლო მისი შეცდომების დანახვაც. როდესაც მორწმუნემ მას ჰკითხა: „მამა გაბრიელ, ზვიადს შეცდომები ჰქონდა?“  ბერმა უპასუხა: შეცდომები ჰქონდა… იჩქარა.“ (იხ.  ,,ჩემი სიცოცხლე – თქვენი სიცოცხლეა“, ცხოვრება სწავლანი და მოგონებანი ბერი გაბრიელისა, გვ. 411.)

უშეცდომო ადამაინი არ არსებობს. მიუხედავად მცირე შეცდომებისა, ბერს გულწრფელი სიყვარული აკავშირებდა ხალხის მიერ არჩეულ ღირსეულ პრეზიდენტთან, რომელიც ესწრაფვოდა აეშენებინა ეროვნულ და ქრისტიანულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფო. ბერი გაბრიელი ერთადერთი სასულიერო პირი იყო, რომელმაც გაბედა შვილი მოენათლა ზვიად გამსახურდიასათვის. ცნობილ ბოროტმოქმედსა და სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელ ჯ. იოსელიანს  მამა გაბრიელმა თავზე ჯოხი გადაამტვრია, ე. შევარდნაძეს კი, რომელსაც ბერთან შეხვედრა სურდა, კატეგორიული უარი შეუთვალა. ყველამ კარგად გაითავისოს მამა გაბრიელის სიტყვები: „ვაი იმას, ვინც ზვიადზე ცუდს იტყვის!” (იქვე, გვ. 410.).

ძნელაძე  განაგრძობს: „ალბათ, შენიშნული გექნებათ, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შესასვლელის ერთ-ერთ თაღზე ბერი გაბრიელის რამხელა სურათია გამოკიდული. იგი ამავე დროს საფარველის ფუნქციასაც ასრულებს იქვე დაბანაკებული ერთი ჯგუფისათვის, რომელიც საკუთარი ინიციატივით მუზეუმიდან ანჩისხატის გადატანას ითხოვს. ერთი წუთით დავუფიქრდეთ: სახელმწიფო ხელისუფლება, რომელიც მისთვის არასასურველი თავშეყრისას თავის მოქალაქეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება, როგორღა უშვებს ასეთი მუდმივმოქმედი ბანაკის არსებობას… თუ მთელი ეს პროცესი თვით მისივე ინსპირირებული არ არის?“ (გვ. 237). ამ გონებააშლილობაზე კომენტარის გაკეთება, ალბათ, ზედმეტია.

ერთი სიტყვით, მამა გაბრიელი ზვიადისტებისა და სააკაშვილისტების ერთობლივი პროექტი ყოფილა, რათა წარხოცონ ჭეშმარიტი მამულიშვილის, ედუარდ-გიორგი შევარდნაძის, ღვაწლი!

ძნელაძე საგანგებოდ უსვამს ხაზს გაბრიელ ბერის გაუნათლებლობას და მოიხსენიებს მას, როგორც „უსწავლელ ბერს“: „იმ სიწმინდესა და ღვაწლს, რომელსაც მის პიროვნებას მიაწერენ, უცილობელი საღვთისმეტყველო განათლება უნდა შეესაბამებოდეს, რადგან წმინდა ადამიანი ღმერთშემოსილია და მისი გონებაც მადლით არის განათლებული“ (გვ. 237). – გვმოძღვრავს ძნელაძე.

ადამიანის სიწმინდის რაციონალური „განათლებით“ შეფასება პირწმიდად პროტესტანტული მეთოდია, უცხო მართლმადიდებლობისათვის. მართლმადიდებლური ეკლესიას ჰყავს უდიდესი წმინდანები, რომელთაც წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ, მაგრამ განიბრძნენ სულით. მამა გაბრიელიც სულიწმინდით იყო განბრძნობილი და არა რაციონალური ცოდნით. ბერის უღრმესი ღვთისმეტყველების გამოხატულებაა მისი სწავლება განღმრთობისა და „უჩინოსა და დაფარულის შესახებ“, რომლის მსგავს საღვთისმეტყველო სიღრმესაც იშვიათად თუ იცნობს ქრისტიანული ლიტერატურა. ასე რომ ძნელაძეს ვურჩევდით მის წაკითხვას, იქნებ ენახა  რაიმე სულის მარგებელი.

* * *

უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ჟურნალის გამომცემლები დიდ გულისხმიერებას იჩენდნენ ჩვენ მიმართ, რის გამოც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მათდამი მადლიერებას. მიუხედავად ამისა, ნ. ძნელაძის პასკვილის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ გავწყვიტეთ ჟურნალთან თანამშრომლობა და ელექტრონული ფოსტით ასეთი წერილი გავგზავნეთ რედაქტორისა და მისი მოადგილის მისამართით:

„ბატონო გრიგოლ  და  ქალბატონო  გვანცა!  სამეცნიერო-საზოგადოებრივ  ჟურნალ  ,,სამი საუნჯის”  უკანასკნელ  ნომერში  გამოქვეყნდა  ვინმე  ნუგზარ    ძნელაძის მოთხრობა  ,,ღვინით  ნათქვამი  სიმართლე”,  სადაც ავტორი   განიკითხავს    არქიმანდრიტ  გაბრიელს  (ურგებაძე)  და  მას   ,,ერთ       ხარისხ-    ჩამორთმეულ,  სუსტი  ნებისყოფის  კაცად”  მოიხსენიებს.  ჩვენთვის  სრულიად  გაუგებარია  ავტორის  ის  სიძულვილი  და   აგრესია,   რომელიც  მთელ  თხზულებაში  იგრძნობა.  ეკლესიის  წიაღში  ყველას  აქვს  უფლება  განსხვავებული    აზრი  გააჩნდეს,   თუ  ეს  აზრი     რაიმე  ერესს  არ შეიცავს    და  მსოფლიო  ეკლესიის  სწავლებას  არ  ეწინააღმდეგება,    მაგრამ  ასეთი  დაუნდობელი  კრიტიკა  იმ  სასულიერო  პირისა, რომელმაც   უდიდესი  ღვაწლი  გასწია  საქართველოსა  და  მშობლიური  ეკლესიისათვის,   სრულიად  მიუღებელია. ჩვენი  ( და   საქართველოს    სამოციქულო  ეკლესიის  მრევლის  უდიდესი  ნაწილის )  ღრმა    რწმენით,  არქიმანდრიტი  გაბრიელი  იშვიათი  სულიერების    მქონე      მღვდელმსახური,         სულიწმინდით         სავსე,  წინასწარმეტყველების,   დაფარულ    აზრთა    კითხვისა   და     სულიერი  თუ     ხორციელი        კურნების          უნარით         დაჯილდოებული  ბერი  გახლდათ,  რასაც  მრავალრიცხოვან     მორწმუნეთა  და  თვითმხილველთა  მოგონებები  ადასტურებს.  არქიმანდრიტი        გაბრიელი  უამრავ  ადამიანს  წარუძღვა  ქრისტიანობის  გზაზე,  დააწყებინა  რა  მათ ეკლესიური ცხოვრება.

ზემოთქმულიდან  გამომდინარე,   სამწუხაროდ,   ჩვენ      იძულებულნი ვართ, შევწყვიტოთ  თქვენთან  ესოდენ ნაყოფიერი  თანამშრომლობა. მიუხედავად  ამისა,  გვსურს  თქვენდამი მადლიერება  გამოვხატოთ,  რადგან  ჩვენ  მიმართ  ყურადღება  გამოიჩინეთ  და  სტატიების  გამოქვეყნების  საშუალება  მოგვეცით.

პატივისცემით,

შოთა   მათითაშვილი

ლევან  ბებურიშვილი“

ჟურნალის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ქალბატონი გვანცა კოპლატაძე ჟურნალის შემდეგ ნომერში გამოეხმაურა ჩვენს წერილს და აღნიშნა, რომ ჩვენი ქმედება, თურმე, კერპთაყვანისმცემლობით იყო განპირობებული: „ჩვენი ჟურნალის ორმა ახალგაზრდა ავტორმა, რომელთა წიგნიერება და სარწმუნოებისადმი პატივისცემა იმედს იძლეოდა, რომ სერიოზულ მკვლევარებად, ერისა და ქვეყნის ერთგულ მსახურებად ჩამოყალიბდებოდნენ, და ამიტომ რედაქციაც შეძლებისდაგვარად ცდილობდა ხელი შეეწყო მათთვის, წერილობით გვაცნობეს, რომ ჟურნალთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებდნენ, რადგან ერთ-ერთი გარდაცვლილი სასულიერო პირის მოღვაწეობის შესახებ მათგან განსხვავებული თვალსაზრისი აღმოგვაჩნდა. ნიშანდობლივია, რომ მათ ურთიერთობა ისე გაწყვიტეს, რომ გარკვევაც კი არ მოისურვეს იმისა, რა მიზეზები ჰქონდა ჩვენს შეხედულებას. აი, მრავლისმეტყველი მაგალითი ერთი ჩვეულებრივი სასულიერო პირის 
(
იგი წმინდანთა დასში არ ირიცხება) გაკერპებისა და მისგან გამომდინარე, კატეგორიული შეუწყნარებლობა არა მარტო სხვაგვარი  აზრისა,  არამედ იმ ადამიანებისაც, რომელთაც ეს აზრი აქვთ. (ჟურნ. „სამი საუნჯე“, # 3 2012, გვ. 40.).

ქალბატონი გვანცა ჩვენ გვსაყვედურობს კატეგორიულ აზროვნებას და თავად კი, მართლაც, კატეგორიულ დამოკიდებულებას ავლენს. იმის გამო, რომ ჟურნალთან თანამშრომლობა გავწყვიტეთ, მან სრულიად გადაგვისვა ხაზი და დანანებით აღნიშნა, რომ ხელიდან გავუშვით შანსი ერის მსახურებად ჩამოვყალიბებულიყავით. არის თუ არა ეს კატეგორიული აზროვნების ნიმუში, როდესაც 22-23 წლის ახალგაზრდებს, რომელთაც წინ აქვთ მოღვაწეობის ვრცელი გზა, მხოლოდ იმიტომ უსვამ ხაზს, რომ შენს ჟურნალთან თანამშრომლობა გაწყვიტეს?

ქალბატონი გვანცა წერს, რომ მათ ისე დავშორდით, არც მოგვისურვებია გაგვერკვია, თუ რა იყო მათი გაბრიელ ბერთან ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი. პირდაპირ გეტყვით: არც გვაინტერესებდა! გადაჭარბების გარეშე ვაცხადებთ, რომ ეკლესიაში სწორედ ბერი გაბრიელის შესახებ გამოცემულმა წიგნებმა მიგვიყვანა. ჩვენთვის, იგი, თქვენგან განსხვავებით, ერთიჩვეულებრივი სასულიერო პირი“ კი არ იყო, არამედ წმინდანი, რომლის შეწევნასაც მუდამ ვგრძნობდით. ჩვენი მოღვაწეობის ერთ უმთავრეს მიზნადაც ბოლო ჟამის ქართველი წმინდანების (უპირატესად კი მამა გაბრიელის) ღვაწლის შესწავლა და პოპულარიზაცია მიგვაჩნია, ამდენად საკუთარი სინდისის წინააღმდეგ უნდა წავსულიყავით, თქვენთან თანამშრომლობა რომ გაგვეგრძელებინა.

ჩვენთვის ძალიან სასარგებლო და სასურველი იყო თქვენთან თანამშრომლობა (ნაშრომების ბეჭდვა, სოლიდური ჰონორარი), ჩვენს ადგილზე (ტრაბახით არ ვამბობთ) ბევრი წაუყრუებდა ძნელაძის სტატიას, და თქვენს ჟურნალთან ურთიერთობას გააგრძელებდა, მაგრამ ჩვენ ასე არ მოვიქეცით. თქვენ კი ამ საქციელში კერპთაყვანისმცემლობა დაინახეთ!

თქვენ მუდამ უსვამდით ხაზს თქვენს უდიდეს სიყვარულს უწმიდესი პატრიარქისადმი. თქვენ რომ თანაშრომლობა გქონოდათ ჟურნალთან, რომელშიც პატრიარქზე სიბინძურე დაიბეჭდებოდა, რომელშიც პატრიარქს გააქილიკებდნენ და სუსტი ნებისყოფისა და უზნეო ადამიანად მოიხსენიებდნენ, იმის გარკვევას დაიწყებდით, რა ედო ასეთ განცხადებას საფუძვლად, თუ მყისიერად გაწყვეტდით ჟურნალთან თანამშრომლობას? ჩვენთვის კი (ნურავინ აღშფოთდება) ბერი გაბრიელი გაცილებით დიდი ავტორიტეტია, ვიდრე უწმიდესი ილია მეორე, ასე რომ ჩვენი საქციელი სრულიად ბუნებრივი იყო.

უფალმა განადიდა თავისი წმინდანი, თქვენ კი შეგარცხვინათ! ის ფაქტი, რომ სტატია ჟურნალში მამა გაბრიელის ოფიციალურ კანონიზირებამდე დაიბეჭდა, ოდნავადაც არ ამსუბუქებს გარემოებას. ეკლესიის წიაღში ცხოვრების უდიდესი ნაწილის გატარების, სასულიერო შინაარსის წიგნების შედგენისა და თარგმნის შემდეგ, ნუთუ სულით ვერ უნდა გეგრძნოთ წმინდანი?

შეიძლება განსხვავებული აზრი გქონოდათ ბერის მოღვაწეობაზე (თუმცა კიდევ ვიმეორებთ, ოდნავი სულიერება ვისაც გააჩნია, შეუძლებელია ბერის სიწმიდე არ ეგრძნო),  მაგრამ რა საჭირო იყო ბერის გაქილიკება და გამასხარავება? დიდად შესაძლებელია, რომ მამა გაბრიელმა სიცოცხლის დროს სალოსურად გამხილათ (ის ხომ ხშირად სტუმრობდა სასულიერო აკადემიას), თქვენ კი გულში ჩაიდეთ მისი საქციელი. სიფრთხილე უნდა გამოგეჩინათ!

 

      უშეცდომო ადამიანი არ არსებო73912_381156841954597_605499794_nბს. იმედს ვიტოვებთ, რომ გეყოფათ ვაჟკაცობა, ბოდიში მოიხადოთ წმინდა გაბრიელისა და ქართველი საზოგადოების წინაშე.

ლევან ბებურიშვილი                                                           შოთა მათითაშვილი

Posted in ზოგადი | Tagged , , | 5 Comments