ოიკოფობია როგორც თანამედროვე ქართული ლიბერალიზმის არსებითი ნიშანი

neo_liberalism

„ოიკოფობია“ ქსენოფობიის საწინააღმდეგო ცნებაა და ეროვნული მემკვიდრეობისაგან, შინაურობისაგან განდგომას ნიშნავს. ფილოსოფიურ წრეებში ეს სიტყვა ბრიტანელმა ფილოსოფოსმა როჯერ ვერნონ სკრუტონმა დაამკვიდრა, ჩვენს სინამდვილეში კი ეს ტერმინი პაატა ჩხეიძემ შემოიტანა (იხ. ჟურნ „ჩვენი მწერლობა“ 2013, # 5)

ეროვნულ ნიჰილიზმს ჩვენში ჯერ კიდევ ივანე ჯაბადარი ქადაგებდა მეცხრამეტე საუკუნეში; განსაკუთრებული წვლილი ამ საქმეში ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა შეიტანეს. აღნიშნული თვალსაზრისით საქრესტომათიო ნიმუშია ნ. მიწიშვილის „ფიქრები საქართველოზე“. ეროვნული ნიჰილიზმის განსაკუთრებული გაფურჩქვნა კი XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება და დღემდე გრძელდება. როგორც პ. ჩხეიძე აღნიშნავს, ოიკოფობია „პატრიოტული გრძნობების აღორძინებას… აადევნეს საქართველოს ახდილმა თუ ფარულმა მტრებმა, რამაც სწრაფად გაიდგა ფესვი ჩვენს სნობებში და თავისი როლი შეასრულა დიდ ეროვნულ ტრაგიკომედიაში“.

XX საუკუნის მიწურულს ეროვნული ნიჰილიზმის გაღვივებას რამოდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი. ერთი მხრივ, ეს იყო შედეგი მტრების მიზანმიმართული პოლიტიკისა, ხოლო მეორე მხრივ კი, _ რეზულტატი იმ უკიდურესი სულიერი და მატერიალური კრიზისისა, რაც 90-იან წლებში სუფევდა. ოიკოფობიის გავრცელება დიდწილად განაპირობა ძმათმკვლელმა ომმა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, კრიმინალმა და ზოგადად იმ ფაქტმა, რომ ქართველებმა სახელმწიფო ვერ შევქმენით. ასეთ ვითარებაში მრავალს დაეუფლა ნიჰილისტური განწყობა. ზოგიერთს კი ამ მდგომარეობამდე მისვლაში უცხოური გრანტებიც წაეხმარა. ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში ასეთი გრძნობის გაჩენა სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ყოვლად გაუგებარია, როგორ შეიძლება აქციოს ადამიანმა ეროვნული ნიჰილიზმის ქადაგება თავისი ცხოვრების მთავარ შინაარსად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ოიკოფობიური განწყობილებების გაღვივებაში წარმმართველი როლი შეასრულა, მახინჯი პატრიოტიზმი გახლავთ. საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბდა ფსევდო-პატრიოტის ტიპი, რომელსაც დღესაც ხშირად შეხვდებით. ასეთი „პატრიოტი“ საშუალო ინტელექტუალური მონაცემების მქონეა, შეიძლება სამეცნიერო ინსტიტუტებშიც უმოღვაწია და წიგნებიც აქვს გამოცემული. იგი სამშობლოს ძირითადად სუფრაზე ეალერსება, ნადიმიდან კი ისეთი განწყობით ბრუნდება, როგორც ვალმოხდილი მეომარი _ ბრძოლის ველიდან. „პატრიოტი“ ვნებიანად უცქერს სხვის ცოლებს, ყანწით სვამს პატრიარქის სადღეგრძელოს და მხურვალე პატრიოტიზმს „ლიბერასტებისათვის“ დედის გინებით ამტკიცებს.

ასეთი „პატრიოტების“ კიდევ ერთი ძალზე სიმპტომური, თითქმის პათოლოგიურობამდე მისული თავისებურება ისაა, რომ ქართველ „პატრიოტს“ თავი სამყაროს ცენტრად წარმოუდგენია. მისგან იწყება ეროვნული მოძრაობა და ისიც არასოდეს თაკილობს საკუთარ მიღწევებზე საუბარს. იგი ცხელ ტყვიასაც არ დაიშურებს მისთვის, ვინც მის უდიდეს მამულიშვილურ დამსახურებას ეჭვის თვალით შეხედავს. ერთი სიტყვით, ქართველი „პატრიოტი“ და თავმდაბლობა ერთმანეთს არ იცნობენ.

ასეთი „პატრიოტები“ ხშირად ეტმასნებოდნენ ნამდვილ მამულიშვილებს, რამაც ზოგიერთებში პატრიოტიზმისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების გაჩენა გამოიწვია.

საბჭოთა ეპოქაში პატრიოტიზმის ასეთი გადაგვარება ძირითადად იმან განაპირობა, რომ ერთმანეთისაგან გაითიშა ეროვნული და რელიგიური გრძნობები. ცხადია, თუ მორალს სარწმუნოებრივი საფუძველი არ გააჩნია, იგი უბრალო ეტიკეტად იქცევა. ქართველი „პატრიოტიც“ უზნეო ცხოვრების წესს მისდევს. ზნეობრივი ქცევის თვალსაზრისით, „პატრიოტსა“ და ლიბერალს შორის არ არის განსხვავება. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ პატრიოტი მალავს თავის უზნეო ცხოვრებას, ლიბერალი კი უკომპლექსოა და სახალხოდ აფრიალებს თავის საცვლებს.

ფაქტი კი ერთია: ოიკოფობიურმა განწყობილებამ ყველაზე დიდი გასაქანი თანამედროვე ქართულ ლიბერალიზმში ჰპოვა და, როგორც ადრეც არაერთგზის აღნიშნულა, ეროვნული ნიჰილიზმი ქართული ლიბერალიზმის უმთავრეს იდეოლოგიურ ქვაკუთხედად იქცა.

თანამედროვე ლიბერალებს ზოგიერთი „ლიბერტარიანელებად“ მოიხსენიებს. ეს, ალბათ, არ არის სწორი. ლიბერტარიანიზმი ანარქიზმს ენათესავება და სახელმწიფოს როლისა და ფუნქციის მაქსიმალურ შეზღუდვას მოითხოვს, თანამედროვე ქართველ ლიბერალს კი პირიქით, სახელმწიფო ერთგულ მოკავშირედ მიაჩნია სოდომიის გავრცელების საქმეში. იგი მიესალმება სახელმწიფოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ტრადიციული ცნობიერებისა და ეკლესიის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამიტომაც თანამედროვე ქართული ლიბერალიზმი, ალბათ, უფრო ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი გადაგონჯებული სახეობაა. მას „ლიბერასტიზმსაც“ უწოდებენ. შეიძლება ეს ტერმინი ყურში უხეშად გვხვდება, მაგრამ იგი კარგად ასახავს ამ იდეოლოგიის შინაგან ფიზიონომიას.

ბატონი პაატა თავის ესეში „არქიოიკოფობად“ ედუარდ შევარდნაძეს მოიხსენიებს, მაგრამ ამ წოდებას მარტო ბატონ ედუარდს ვერ დავუსაკუთრებთ. აღნიშნული ტიტულის გაყოფა შევარდნაძეს მერაბ მამარდაშვილთან მოუწევს. ეს განცხადება უდავოდ მრავალი ახალგაზრდა თუ მხცოვანი „მამარდისტის“ აღშფოთებას გამოიწვევს, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ითქვას, რადგან ჭეშმარიტება მამარდაშვილზე მაღლა დგას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი მიზანი არ არის მამარდაშვილის მიღწევათა შეფასება ან დისკრედიტირება თეორიულ ფილოსოფიასა თუ ეპისტემოლოგიაში, არამედ მისი როლის განსაზღვრა ეროვნული ნიჰილიზმის გავრცელების პროცესში მოინტელექტუალო ადამიანებს შორის.

დოსტოევსკი წერდა გოგოლის შესახებ: ჩვენ, ყველანი გოგოლის „შინელიდან“ გამოვედითო. მსგავსადვე ჩვენი ნეოლიბერალებიც ყველანი მამარდაშვილის შინელიდან არიან გამოსულნი. იშვიათია მოინტელექტუალო ლიბერალი, რომელსაც სახოტბო სტატია ან გამოკვლევა არ ჰქონდეს მიძღვნილი მამარდაშვილისათვის, როგორც სულიერი მოძღვრისათვის. ეს ადამიანები ხშირად დასცინიან მორწმუნეებს, რომ ისინი კრიტიკულად არ უდგებიან ეკლესიის სწავლებას და ბრმად ენდობიან მას. მაგრამ არ იფიქროთ, თითქოს, ნეოლიბერალები ურწმუნონი იყვნენ! მათთან რელიგიური ავტორიტეტის ადგილს მამარდაშვილი იკავებს. მამარდაშვილის კრიტიკა არ შეიძლება! მისით მხოლოდ აღფრთოვანებაა ნებადართული.

მამარდაშვილი ფილოსოფოსად საქართველოში არ ჩამოყალიბებულა. სამწუხაროდ იგი ადრევე დაშორდა ეროვნულ კულტურას და სწორედ ამაში იყო მისი ტრაგედიაც. „შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ პირადად მე, რამდენადაც თავს ყოველთვის ქართველად ვგრძნობდი, იმდენადვე ვგრძნობდი თავს არქაულად და უადგილოდ თანამედროვე სამყაროში“[1]  _ ბრძანებდა მამარდაშვილი. ეს სიტყვები ის ქვაკუთხედია, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედება ქართულ ნეოლიბერალიზმს, რომლის მიხედვითაც, ქართველთა უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს დასავლურ ყაიდაზე გარდაქმნა-გადაკეთება.

მამარდაშვილმავე ისროლა „სოფისტური ავანტიურა“, რომ „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!“ ითქვა ეს სიტყვები ისეთი პათოსით, „გეგონება ერთ მხარეს თავისუფალი სამშობლო გვედო, მეორე მხარეს _ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება და რატომღაც ერთ-ერთი მათგანი უნდა აგვერჩია და იყო საშიშროება, რომ დაუფიქრებლად სამშობლოს ამოვირჩევდით“ (დ. წერედიანი). მოინტელექტუალო სნობებმა კი ერთხმად აიტაცეს ეს სიტყვები და საკუთარ დროშაზე წააწერეს ისე, რომ არც ჭეშმარიტება იცოდნენ სად იყო და არც სამშობლოზე ჰქონდათ წარმოდგენა.

ცამდე მართალია უნიჭიერესი ფილოსოფოსი ზურაბ ხასაია, როცა წერს, რომ მამარდაშვილს, ერთი მხრივ, აღაშფოთებდა ტერმინი „თურქი მესხი“ (`ქართველს შეუძლია არ დაინახოს მესხის ტანჯვა და დაარქვას მას „თურქი მესხი“), მაგრამ მეორე მხრივ, უსაზარლესი ტერმინი `სამხრეთ ოსეთი~ მას სრულიადაც არ ანაღვლებდა.

მამარდაშვილი მიიჩნევდა, რომ მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ ჩვენში აზროვნების განვითარებას ძლიერ შეუშალა ხელი, რომ ,,რუსულმა აზროვნებამაც და მართლმადიდებელმა ქრისტიანობამაც ჩვენ უფსკრულში გადაგვჩეხა“[2].   ეს სიტყვები რომ მტკნარი სიცრუეა, ჩვენმა ახალმა ლიბერალებმაც შესანიშნავად იციან, მაგრამ ურჩევნიათ თავი არ აიტკიონ და სრულად დაეთანხმონ მამარდაშვილს. არადა, თუ რამე შექმნილა ჩვენს კულტურაში ეროვნული და საკაცობრიო მნიშვნელობის, ეს ან „საძაგელი კომუნისტების“ დროს მომხდარა, ანდა იმ ეპოქაში, როდესაც მართლმადიდებლობა უმჭიდროესად იყო დაკავშირებული ეროვნულ ცნობიერებასთან.

დღეს სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. მართლმადიდებლური ეკლესია ვეღარ ახერხებს ჩაახშოს თავისი მარწუხებით ნეოლიბერალთა „თავისუფალი აზროვნება“, რომელიც უკვე თუხთუხებს და გადმოდის. მამარდაშვილის ლოგიკით, სწორედ ახლა უნდა გვქონოდა დიდი მიღწევები აზროვნებასა და ხელოვნებაში. რა შედეგები მივიღეთ? მწერლობაში _ ზაზა ბურჭულაძე, ფილოსოფიაში _ გიგა ზედანია, თეოლოგიაში _ ნოდარ ლადარია. არ გვგონია, ეს მაინცდამაინც დიდი მიღწევა იყოს. ქართულ კულტურაში მკვდარი უნაყოფობის ხანამ დაისადგურა.

სწორედ ხაზგასმული მართლმადიდებლური მრწამსის გამო აღიზიანებდა მამარდაშვილს დოსტოევსკი. მის ღირსებად მხოლოდ წერის მანერას მიიჩნევდა, სხვა მხრივ კი თვლიდა, რომ „მსჯელობის დონეზე ის უბრალოდ სულელია“.[3]

ერთი სიტყვით, ნებსით თუ უნებლიედ მამარდაშვილი ქართველი მოინტელექტუალო ნიჰილისტების კერპად იქცა. სწორედ მამარდაშვილის დროიდან იკრებს ძალას ეროვნულ ნიჰილიზმზე დამყნობილი ლიბერალიზმი, რომლის ძირითადი იდეები შემდეგია:

ქართველები, შუასაუკუნეობრივი, საძაგელი მენტალიტეტის მქონე ხალხი ვართ, ამიტომაც ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს გარდავიქმნათ დასავლურ ყაიდაზე. როცა ეროვნულ კულტურაზე ჩამოვარდება საუბარი, ლიბერალს იმწამსვე ირონიული ღიმილი გადაურბენს სახეზე.

ჩვენი ქვეყნის განვითარებას აფერხებს მართლმადიდებლური ეკლესია, ამიტომაც იგი უნდა გარდაიქმნას პროტესტანტულ თარგზე (ყოველმხრივ მისასალმებელია თუ იგი გაწყვეტს ევქარისტულ კავშირს რუსეთის ეკლესიასთან).

ლიბერალები მიესალმებიან განათლების სისტემის რეფორმას, რომლის მიხედვითაც საგანმანათლებლო დაწესებულებათა ამოცანაა მხოლოდ ინფორმაციის, ცოდნის მიწოდება და არამც და არამც სულიერი, ზნეობრივი აღზრდა და ისეთი `შუასაუკუნეობრივი იდეების~ პროპაგანდა, როგორიცაა პატრიოტიზმი და რელიგიური ცხოვრება.

ნეოლიბერალები მხარს უჭერენ სრულ სქესობრივ აღვირახსნილობას (ქორწინებამდელი სქესობრივი ურთიერთობები, მამათმავლობა, დედათმავლობა) და სოდომიას მიიჩნევენ სქესობრივი ცხოვრების ბუნებრივ ფორმად.

დაბოლოს, ნეოლიბერალები მხურვალედ მიესალმებიან ჩამოთვლილი იდეოლოგიური კონცეპტების ასახვასა და პროპაგანდას მასმედიის, ლიტერატურისა და ხელოვნების საშუალებით.

ერთი სიტყვით, ნეოლიბერალების მიხედვით, ქართველთა წარუმატებლობის სათავე მათ ქართველობაში მდგომარეობს. ქართველები უბედურები იმიტომ არიან, რომ ქართველები არიან! ქართული ტრადიციები, ქართული სუფრა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გვეღობება დემოკრატიისა და მატერიალური კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე. ნეოლიბერალების მიერ მდგომარეობა ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს ჩვენი ყოფის ყველა ნაკლი, ყველა სიმახინჯე, ყოველი უარყოფითი თვისება თვით ჩვენი ეროვნული ბუნებიდან მომდინარეობს. სწორედ ეს უარყოფითი თვისებები წარმოადგენენ კიდეც ქართველობის არსს, მის ნამდვილ სახეს. ამიტომაც ქართველი არსობრივად უნდა გარდაიქმნას, უნდა გადაკეთდეს.

თუ ვინმე ალმაცერად შეხედავს ნეოლიბერალთა მოღვაწეობას, მაშინვე შეტევაზე გადავლენ: ილია ჭავჭავაძეც ხომ ლიბერალი იყოო?!

ლია ჭავჭავაძემ უმკაცრესად ამხილა ქართველთა მანკიერებანი, მაგრამ ამ მხილებას ეროვნული ფენომენის უდიდესი სიყვარული ედო საფუძვლად. ნეოლიბერალებიც ბევრს წერენ ქართველთა უკეთურებებზე, მაგრამ მათი საქციელი ეროვნული ფენომენისადმი სიძულვილით არის მოტივირებული; ილია ჭავჭავაძე ებრძოდა იმ არაარსებითსა და არაბუნებრივ თვისებებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ფესვი გაიდგა ქართველთა სულში; ნეოლიბერალები კი ებრძვიან იმ არსებითსა და ძირეულ ნიშნებს, რომლის გარეშეც ქართველი კაცი აღარ იქნება ქართველი; ილია ჭავჭავაძის მიზანი იყო ქართველებს შეენარჩუნებინათ ისტორიული წარსული, დაბრუნებოდნენ ისტორიულ ძირებს, ამიტომაც ხალხს იდეალად უსახავდა ისტორიულ გმირებსა და სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილებს; ნეოლიბერალებს კი სურთ ქართველების გადაყვანა აზროვნების სხვაგვარ წესზე, თვისებრივად განსხვავებულსა და არაეროვნულ ნიადაგზე, ამიტომ ისტორიულ გმირებს ქონდრისკაცებად წარმოაჩენენ და ხალხს ეტალონად მამათმავლებსა და უზნეო ადამიანებს უსახავენ; ილია ჭავჭავაძე მედგრად იცავდა ეროვნულ კულტურას აბუჩად აგდებისა და დამცირებისაგან, ნეოლიბერალები კი თავად ესხმიან თავს და ცილს სწამებენ ყოველივე ქართულს. ილია ჭავჭავაძემ დააარსა სათავადაზნაურო ბანკი, რათა ქართულ მიწებს უცხოელები არ დაპატრონებოდნენ; ნეოლიბერალები კი უდიდესი სიამოვნებით ასხვისებენ ქართულ მიწებს ნებისმიერზე, ვისაც ფულის გადახდა არ დაენანება.

აი, რა განსხვავებაა ნეოლიბერალებსა და ილია ჭავჭავაძეს შორის.

დოსტოევსკის პერიფრაზით რომ ვთქვათ, ქართველი ლიბერალების მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ლიბერალები არიან, არამედ ის, რომ ისინი ქართველი ლიბერალები არ არიან. ჩვენს სინამდვილეში უკვე დიდი ხანია, რაც შეიქმნა უნიკალური ფენომენი უეროვნებო კოსმოპოლიტისა, რომელიც მუდამ ოპოზიციაში უდგას საკუთარ ხალხს.

თანამედროვე ლიბერალების სანუკვარი ოცნება ე. წ. „ღია საზოგადოების“ შექმნაა. ამგვარი საზოგადოება ღიაა ყოველგვარი სიბილწისა და ამორალიზმის, მაგრამ ჩაკეტილია და დახშულია კონსერვატიული, ტრადიციული ცნობიერების მიმართ. პრესა და ტელევიზია გამუდმებით იმ ადამიანებს უთმობს ასპარეზს, რომელნიც ნაკურთხნი არიან `ექსპერტებად~ და რეალურად საზოგადოების 0,01%-ის ინტერესებს გამოხატავენ. სამაგიეროდ სატელევიზიო სივრცე მიუწვდომელია მისთვის, ვინც ტრადიციული ცნობიერების მქონეა, შეუძლია რიგიანი მსჯელობა და ვისი მოსმენაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სურს.

ფაქტი კი ისაა, რომ ლიბერალიზმი და ყბადაღებული „დასავლური ღირებულებები“, რომელიც სანატრელად გვქონდა კომუნისტური მმართველობის ჟამს, დღეს ბევრს უკვე ავადმყოფობად ექცა. იშვიათად თუ ბედავს ვინმე აზრიან და ობიექტურ მსჯელობას დასავლეთზე. დასავლური ღირებულებები, რომელთაც, ერთი შეხედვით არ აქვთ უნივერსალურობაზე პრეტენზია, ქართველი ლიბერალების მიერ რელიგიური სიწმიდის სფეროშია აყვანილი.

ერთია, გვხიბლავდეს კლასიკური დასავლური კულტურა და მეორეა, თვალი გავუსწოროთ თანამედროვე დასავლურ კულტურასა და ცხოვრების წესს, რომელიც დიდწილად, პირდაპირ ვიტყვით, ანტიქრისტულია. ქრისტიანულ სარწმუნოებას მოწყვეტილი ჰუმანიზმი და აღვირახსნილი ლიბერალიზმი კი ბოლოს აუცილებლად მიგვიყვანს ისეთი სახის მონობამდე, როგორიც ჯერ კიდევ არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას.

ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ გვიჭირს თვითმყოფადი აზროვნების დაწყება. ჩვენს მოინტელექტუალო ელიტაში დამკვიდრებული თვალსაზრისით, მოაზროვნედ მაშინ ითვლები, როდესაც ზედმიწევნით, კაჭკაჭივით იმეორებ დასავლეთში გამოთქმულ შეხედულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ფაშისტის“ ან „შავრაზმელის“ წოდებას უნდა დასჯერდე. სწორედ ამიტომ, მრავალს დამოუკიდებელ აზროვნებას სხვათა აზრების გამეორება ურჩევნია. არადა, მანამდე არაფერი გვეშველება, ვიდრე არ დავიწყებთ აზროვნებას არა დასავლეთის, არამედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

ჯერ კიდევ შალვა ნუცუბიძე წერდა 1922 წელს: „დასავლეთისადმი ინტელექტუალურ  დამონებას ბოლო უნდა მოეღოს. რა თქმა უნდა ეს შესაძლო გახდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შიგნიდან დავძლევთ დასავლურ აზროვნებას. უნდა დამტკიცდეს, რომ საამისოდ არა მარტო ისტორიული, არამედ ფაქტიური საბუთიც არსებობს“[4].

ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს იზოლაციონიზმს. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ დასავლური გამოცდილება და გავეცნოთ დასავლელ ავტორებს, თუნდაც ისეთებს, როგორიც როჯერ სკრუტონია და ვისაც გამალებით მალავენ ჩვენი ლიბერალები. მაგრამ ჩვენთვის დასავლური ღირებულებები მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმდენად, რამდენადაც შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს, ჯერ ეროვნული, შემდეგ _ დასავლური. ნეოლიბერალები პირიქით ფიქრობენ, მათთვის ეროვნული ღირებულებები მისაღებია იმდენად, რამდენადაც შეესაბამებიან დასავლურ ღირებულებებს. დასავლური მათთვის პირველადია, ეროვნული _ მეორეული.

გავითვალისწინებთ, რა იმ გარემოებასაც, რომ მათ ხელშია პრესა, ტელევიზია, ინტერნეტ-საიტები, უცხოური დაფინანსება და სხვ., არცთუ  სახარბიელო ვითარება წარმოგვიდგება. როდესაც ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ, ბევრი რამ, ცხადია, სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენს ხელისუფლებას  კი ჯერჯერობით გამუდმებით უწევს თავის მართლება დასავლეთთან და საკუთარი ევროპული ორიენტაციის მტკიცება. მოიცლის თუ არა იგი ეროვნულ ფასეულობათა დასაცავად, არავინ იცის.

ამ ვითარებაში ტრადიციული ცნობიერების მქონე საზოგადოებას მხოლოდ ქმედითი ქრისტიანული კონსერვატიზმი გადაარჩენს. პატრიარქის მოწოდებისამებრ, ყველამ „ჩვენს თავში და ჩვენს გარშემო უნდა დავიცვათ ჩვენი წილი საქართველო“. ჩვენი ისტორია, ტრადიციები და რელიგია მკვიდრ საფუძველს იძლევა ნაციონალური იდეოლოგიის ჩამოყალიბებისათვის.

როდესაც მასმედიისა და ხელოვნების საშუალებით მიდის გამალებული პროპაგანდა ეროვნული ნიჰილიზმისა, რომ ქართველები ჩამორჩენილი, შუასაუკუნეობრივი ცნობიერების ხალხი ვართ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, დავაბრუნოთ საზოგადოებაში ეროვნული სრულფასოვნების განცდა, რომელიც დღეს ისე გვჭირდება როგორც არასდროს. ამის გარეშე შეუძლებელია, ერმა სახელმწიფო ააშენოს, რისი დასტურიც ჩვენი უახლესი ისტორიაა.


[1] კრ. მერაბ მამარდაშვილი, თბ., 2007, გვ. 84.

[2] მ. მამარდაშვილი, ცნობიერების ტოპოლოგია, თბ., 2011, გვ. 190.

[3] კრ. მერაბ მამარდაშვილი, თბ., 2007, გვ. 77.

[4] შ. ნუცუბიძე, ალეთოლოგიის საფუძვლები, ტფ., 1922, გვ. 2.

ლევან ბებურიშვილი  

ჟურნ. „ჩვენი მწერლობა“, 2013, #9.

Advertisements
This entry was posted in საზოგადოება and tagged , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s