მამა გიორგი ბასილაძის სწავლებათა თაობაზე (პასუხად არქიმანდრიტ იერომიელ ფილიშვილს) ნაწილი III

248528_520739481274036_1146825070_n                              მ ღ ვ დ ლ ო ბ ი ს      შ ე ს ა ხ ე ბ

,,ვფიქრობთ, რომ მღვდელმსახურთა შორის ცხონებულნი
მცირედნი არიან, უმრავლესობა წარწყმდება. მიზეზი ამისა
კი ის არის, რომ ეს საქმე სულის სიმაღლეს მოითხოვს.“
                                                                  წმ. იოანე ოქროპირი

ბევრს, მათ შორის არქიმანდრიტ იერომიელსაც, გადაჭარბებად ეჩვენება მამა გიორგის სიტყვები: ,,მღვდელი, რომელიც არ არის წმიდანი, არ არის ჭეშმარიტი მღვდელი(1). შევხედოთ ამ საკითხს წმ. მამათა სწავლების შუქზე.

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,როგორც ბავშვის დაბადება შეუძლებელია მამის გარეშე, ასევე შეუძლებელია ზემოდან დაბადება, ანუ სულიწმიდის მადლის მიღება მისთვის, ვისაც არ ჰყავს სულიერი მამა… ხორციელი მამა შობს ხორციელ შვილებს, სულიერი მამა კი მათ, ვისაც სურთ მის ძეებად ყოფნა, ხდის სულიერ შვილებად. მაგრამ ის, ვინც ჯერ თვითონ არ დაბადებულა, ანდა დაიბადა და ჯერ ბავშვია, ანუ არ მიუღწევია სრულყოფილებისათვის, როგორ შეიძლება იყოს სხვისი მამა?!.. ის ვინც არ გამხდარა ნათლის ძე გრძნობითად და ცნობიერად… როგორ შეძლებს სხვას უხელმძღვანლოს ნათლისაკენ, ანდა ასწავლს მათ, რა არის ნათელი, რომელიც მოვიდა სოფლად, რომ განანათლოს ბნელში მყოფნი. თვითონ ბრმაა და ვერ ხედავს, როგორ შეძლებს ის სხვებისთვის გზის ჩვენებას?(2)

გამოჩენილი თანამედროვე თეოლოგი მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი წერს: ,,არსებობენ ისეთი მღვდლები, რომელნიც თავად არ განწმენდილან, მიუხედავად ამისა მსახურობენ და საღმრთო ლიტურგიას ასრულებენ ღვთის მადლის თანამოქმედებით. გარეგნულად მათი მღვდლობა შეუბღალავია, რადგან ეკლესიას ისინი არ განუსჯია. ასეთი მღვდლობა უძლურია, რადგან მას ხელდასმული თავისი ცხოვრებით ბილწავს. ნიკოლოზ კაბასილასი ამბობს: ,,მათ შეუძლიათ წმიდა ძღვენი აკურთხონ, მაგრამ თავად ვერ იკურთხებიან სიწმინდისაგან.(3)

სხვა მამის თქმით კი, ,,მღვდელს ჰმართებს სიწმინდე. სიწმინდე არ არის არც ფსევდო-სულიერი, სტილიზებული პურიტანიზმი და არც უსიცოცხლო, სისხლნაკლული სპირიტუალიზმი, არც განსაკუთრებული გამოთქმების დაზეპირება და საეკლესიო სტილით მეტყველება, არც ნეტარი სახის მიღება, არც პირფერობა, არამედ ჭეშმარიტი სულიერება, ანუ მისწრაფება მართლმადიდებლური ასკეტიკის უმაღლესი იდეალისაკენ – ღვთის შვილად ქცევისაკენ, განსულიერებისაკენ, საკუთარი თავის და სხვების განღმრთობისაკენ“(არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი).

წმიდათა ცხოვრებიდან ცნობილია, თუ როგორ გაურბოდნენ წმიდანები მღვდლად კურთხევას. ეს მათი მხრიდან ყალბი თავმდაბლობა კი არ იყო, არამედ სავსებით გაცნობიერებული უდიდესი პასუხისმგებლობა. ,,აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“ – ბრძანებდა წმ. გრიგოლ ხანძთელი, როცა მისი მღვდლად კურთხევა გადაწყვიტეს. დღეს კი გამოუცდელი ადამიანები თავად მიელტვიან სასულიერო ხარისხის მიღებას.

კიდევ ერთი გარემოება, რაც საგანგებო აღნიშვნის ღირსია, გახლავთ ის, რომ წმ. მამათა თქმით, მღვდლობის მსურველი ცნობიერად უნდა გრძნობდეს სულიწმიდის მადლს საკუთარ სულში. ამას ბრძანებს წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (იხ. ზემოთ). ნეტარი თეოგნოსტეც თვლის, რომ სასულიერო მოღვაწეობის გზას მხოლოდ ღვთის მოწოდებით უნდა დაადგეს ადამიანი: ,,თუ არ გვაქვს უწყება სულიწმიდისაგან, რომ შენ ხარ კეთილი შუამდგომელი ღმერთსა და ადამიანს შორის… თავს ნუ ჩაიგდებ საფრთხეში და ღვთაებრივ საიდუმლოებებს ნუ აღასრულებ მღვდელმოქმედებით.(4)

ხშირად „გვამშვიდებენ“, რომ როგორი უღირსიც არ უნდა იყოს მღვდელი, მის მიერ საიდუმლონი მაინც აღესრულება. ამგვარ მსჯელობაში დიდი მზაკვრობა იფარება. საქმე ისაა, რომ ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა მხოლოდ ერთი ასპექტია მორწმუნის სულიერი ცხოვრებისა. თუ ამას წინ სულიერი შრომა და განწმედა არ უდევს საფუძვლად, საიდუმლოებებში მონაწილეობა უმალ წარმწყმედელად ექცევა ადამიანს, ვიდრე მაცხოვნებლად. ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა თვითმიზანი კი არ არის, არამედ საშუალება კურნებისა: ,,მღვდელი, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მკურნალია, რომელიც ადამიანურ უძლურებას კურნავს. ღვთისმსახურება და ეკლესიის საიდუმლოებები უნდა ჩაერთოს განკურნების პროცესში.“(5) საიდულმონი შეიძლება შევადაროთ წამალს, მღვდელი კი – ექიმს. თუ ექიმი ვერ ერკვევა ჩვენს სნეულებაში და არასწორ დანიშნულებას გამოგვიწერს, წამალი კი არ განგვკურნავს, არამედ შეიძლება, უფრო ცუდადაც გაგვხადოს. ასე რომ, მკურნალს განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება სულიერი და ხორციელი მკურნალობის ჟამს.

იმ მღვდლების შესახებ, რომელნიც ჯერ არ განწმედილან, სულიწმიდის მადლი არ მოუპოვებიათ და მიუხედავად ამისა მაინც მსახურობენ, წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,ვინც ჯერ მოწაფეც არ გამხდარა, როგორც ევალებოდა, და მიუხედავად ამისა გატაცებულია მასწავლებლობის პატივით, მას მოელის ათასჯერ უფრო საშინელი სასჯელი ვიდრე ბოროტმოქმედებსა და მკვლელებს. რადგანაც ეს უკანასკნელნი სხეულს კლავენ, ხოლო ის კი – სულს.(6)

მამა გიორგის სწავლებანი სრულ თანხმობაშია წმ. მამათა ნააზრევთან: ,,მღვდლობა სხვა რაა თუ არა სულიერი მკურნალი?! სულიერი მკურნალი როგორღა გახდები თუ სულის ცნობა არა გაქვს?.. მღვდელი თუ ხარ, სულიერი ხედვა უნდა გქონდეს, საღვთო განათლება, პატიოსნება, რწმენა, მოშურნეობა ადამიანი უნდა გიყვარდეს და ცოდვილი გებრალებოდეს. ეს ვთქვი მაშინაც, წიგნში რომ შეიტანეს და გადაირია სამღვდელოება – ეს როგორ გაბედაო. ვერ გავიგე ამათი… აბა, როგორი უნდა იყოს მღვდელი?(7)

რაც შეეხებათ მდიდრული მანქანებით მოსიარულე მღვდლებს, ამ საკითხთან დაკავშირებით გვახსენდება წმ. ნიკოლოზ სერბის წერილი ერთი მღვდლისადმი, რომელიც ფიქრობდა, რომ არ არის სავალდებულო სამღვდელო ტანსაცმლის და თმა-წვერის ტარება, რადგან ეს ,,წვრილმანებია“. წმ. ნიკოლოზი მას წერდა: ,,თუკი ხალხს სურს, თავისი მღვდელი ანაფორით, წვერსა და გრძელ თმებში იხილოს, მაშინ ყველა დანარჩენი მიზეზი არც კი განიხილება. თუკი ხალხს არ სიამოვნებს მღვდლის ხილვა ვაჭრის ტანსაცმელში… ასეთი ,,რეფორმა~ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეწყდეს, როგორც ხალხის ღვთისმოსაობის შეურაცხმყოფელი. შესაბამისად ამგვარ საქმეში კრიტერიუმად ხალხის რელიგიური გრძნობა, მისი შეფასება ითვლება და არა გარკვეულ მღვდელმსახურთა გემოვნება“.(8)

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ხალხს არ სიამოვნებს უძვირფასესი მანქანებით მოსიარულე მამები, მათ კეთილი უნდა ინებონ და ჯიპებიდან გადმოსხდნენ. როგორც წმ. მამა აღნიშნავს, მღვდლის არც ერთი უმნიშვნელო ქმედება არ უნდა ექცეს დამაბრკოლებლად მორწმუნეს. ჯიპებით მოსეირნე მღვდლების ცქერა კი ხშირად იწვევს ჩვენი გაღატაკებული თანამემამულეების შინაგან პროტესტს, არაეკლესიურ ადამიანთა ნახევარზე მეტი კი სწორედ მღვდელმსახურთა უღირსი ქცევის გამო აქცევს ეკლესიას ზურგს და ეს არის მწარე სიმართლე!

ასე რომ, მღვდელი, რომელსაც არ გააჩნია სულიერი ხედვა, რომელსაც არ ძალუძს ადამიანის სულიერი კურნება, არ არის ნამდვილი მღვდელი და ასეთი სასულირო პირების არსებობას არავითარი გამართლება არა აქვს, რაოდენ გულისამაჩუყებელი მიზეზებიც არ უნდა მოიტანოს არქიმანდრიტმა იერომიელმა, რადგან ასეთ სასულიერო პირებს არ შეუძლიათ მეგზურობა გაუწიონ ადამიანს სასუფევლისაკენ მიმავალ გზაზე. არც მღვდლის ზნეობრივი სიწმიდე და პატიოსნებაა საკმარისი. ზოგადი შეგონებებით და „რეცეპტებით“ სული არ იწმიდება, რადგან მღვდლის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი თავისი კონკრეტული პრობლემებით და თუ მღვდელს სულიერი ხედვა არ გააჩნია, ის ვერ შეძლებს მის მკურნალობას. წმ. იოანე სინელის თქმით: ,,მკურნალი ისაა, ვისი სული და ხორცი ჯანმრთელია და უვნებელი, და წამალს არავისგან საჭიროებს… საძაგელია ის მოძღვარი, რომელიც მხოლოდ წიგნებიდან ასწავლის. ასევე საძაგელია ის მხატვარი, რომელიც ვერ ხატავს უმაგალითოდ.“(9)

ნამდვილ მღვდელს უნდა ჰქონდეს კადნიერება პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: „მობაძავ ჩემდა იქმნენით, ვითარცა მე ქრისტესა“(1კორ. 11,1). მღვდელი, რომელსაც არ აქვს ამ სიტყვების თქმის მორალური უფლება, არ არის ნამდვილი მღვდელი.

ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ძალიან მტკივნეულ საკითხზე, რომელიც შეეხება სასულიერო პირების მომზადებას. სასულიერო სასწავლებლები, სამწუხაროდ, ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, იქ მოღვაწეობენ დიდად განსწავლული პიროვნებებიც, მაგრამ ღვთის სული წიგნებით ვერ მოიპოვება. აქ ჭეშმარიტი მასწავლებელია საჭირო, რომელსაც ღმერთი შეუცვნია პირადი გამოცდილებით და შეუძლია აღზარდოს სულის მკურნალნი. აქ ცდისეული ღვთისმეტყველებაა საჭირო და არა განყენებული თეოლოგია. „არც უზომო რაოდენობის წიგნების კითხვას, არც ქრისტიანობის და სხვა რელიგიების ისტორიის გაცნობას, არც სხვადასხვა საღვთისმეტყველო სისტემების სწავლას არ მივყავართ საბოლოო მიზნამდე: ცხონებამდე ერთადეთი ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნების გზით… აკადემიური ღვთისმეტყველების საუკუნეობრივმა გამოცდილებამ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ შესაძლებელია შემთხვევა ბრწყინვალე ერუდიციის ფლობისა სამეცნიერო ღვთისმეტყველებაში ცხოველი რწმენის არსებობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ღვთისმეტყველება ხდება ინტელექტუალური პროფესია, მსგავსი იურისპოდენციისა...“ _ წერს არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი).(10)

თვით დოგმატთა სრულყოფილი შემეცნებაც მისტიკური გამოცდილების საფუძველზეა შესაძლებელი. ერთი უსწავლელი წმიდა მამის დოგმატური ცოდნა გაცილებით უფრო ზუსტია ვიდრე ათი თეოლოგიის დოქტორისა: „დოგმატური შემეცნება, გაგებული როგორც სულიერი ცოდნა, ღმერთისგან მოდის საჩუქრად ისე, როგორც ჭეშმარიტი ცხოვრება ღმერთში შეუძლებელია ღმერთის წვევის გარეშე.“(11)

ამიტომაც, ისეთი საპასუხისმგებლო საქმე, როგორიც მღვდელთა მომზადებაა, უნდა მივანდოთ იმ ღვთივგანბრძნობილ მოძღვრებს, რომლებსაც პირადი გამოცდილებით მოუპოვებიათ ცოდნა. მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი წერს: „ჩვენი ეპოქის ღვთისმეტყველება ლოგიკურ აზროვნებას ეფუძნება. იგი ფილოსოფიურ სისტემად იქცა, ღმრთისმეტყველების ისტორიად და არა დაყუდების შედეგად და უფალთან ერთობად. აი, ამიტომაც თ ა ნ ა მ ე დ რ ო ვ ე     თ ე ო ლ ო გ ი უ რ   თ ხ ზ უ ლ ე ბ ე ბ შ ი     ბ ე ვ რ ი     შ ე ც დ ო მ ა ა    დ ა შ ვ ე ბ უ ლ ი.“ (12)

ამ მძიმე მდგომარეობიდან კი ერთადერთი გამოსავალი არსებობს, – ცდისეული ღვთისმეტყველების აღორძინება. უნდა გავყვეთ იმ მამებს, რომელთაც ცოდნა აქვთ ღვთისაგან, გამოცდილების საფუძველზე შეუცვნიათ უფალი და არა იმათ, ვინც წიგნისმიერი განსწავლულობით იკვეხნის. 

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს    გ ა ბ რ წ ყ ი ნ ე ბ ი ს    შ ე ს ა ხ ე ბ

,,თავიდანვე ვაღიარებ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ჩემს სულიერ ძალებს აღემატება, – ორჯერ იმეორებს არქიმანდრტი და განაგრძობს, – მინდა ვისაუბრო იმაზე, თუ რას ა რ   უ ნ დ ა   ნ ი შ ნ ა ვ დ ე ს იგი“(გვ. 42) და შემდეგ იწყებს მრავალსიტყვაობას. მაგრამ დაკვირვებული თვალი შენიშნავს, ამ მსჯელობაში როგორ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე. თუ არ იცი რას ნიშნავს საქართველოს გაბრწყინება, შესაბამისად არც ის იცი, თუ რას არ ნიშნავს ის. ვინაიდან საგნის ცოდნა-არცოდნა ერთი მეორესგან გამომდინარეობს. მაგრამ არქიმანდრიტს ეს სულაც არ ადარდებს. იგი ვარაუდს გამოთქვამს, რომ საქართველოს გაბრწყინება შეიძლება გულისხმობდეს ამჟამინდელ ტაძართმშენებლობას, როგორიც, თურმე, თამარის ეპოქაშიც კი არ ყოფილა. მაგრამ ტაძართმშენებლობა ნამდვილად არ შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს გაბრწყინებას, თუ ჩვენი სულის ტაძარი არ ავაშენეთ. ამ უკანასკნელის გაკეთება კი გარეგნული ტაძართმშენებლობის გარეშეც არის შესაძლებელი.

მეორეც, ეს ტაძართმშენებლობა, რომელსაც ბევრი იხვევს ხელზე, ხშირად მიმდინარეობს ,,სისხლიანი“ ფულით. ,,კანონიერ ქურდებს“ წესად ჰქონდათ კაცის მოკვლის შემთხვევაში ტაძრის აშენება და ამით დანაშაულის ,,გამოსყიდვა~. ასეთი ფულით კი მრავალი ტაძარია აშენებული. ამგვარ ,,ქველმოქმედებას“ დაუშვებლად თვლის წმიდა იოანე ოქროპირი, რომელიც ამ შემთხვევას ადარებს იმ ადამიანის საქციელს, რომელმაც ვირის მძორი იპოვა და ზარ-ზეიმით მიიტანა შესაწირად ღვთის საკურთხევლის წინაშე. უწესო ცხოვრებით ნაშოვნი ფულის ეკლესიისათვის შეწირვა კატეგორიულად აკრძალულია. წმ. პამფუნტიმ, მეძავი ტაისის მოქცევის შემდგომ, დაწვა ის სიმდიდრე, რომელიც ქალს უზნეობით ჰქონდა მოგროვილი. მაგრამ სულიერი ხედვის არმქონე მღვდლები დიდი სიხარულით იღებენ ასეთ შესაწირს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სათნოა ეს ღვთისათვის.

საქართველოს გაბრწყინების შესახებ საუბრობს მღვდელი ლევან მექოშვილიც. (იხ მისი წიგნი „საქართველო მეორედ მოსვლის წინ, მითი და რეალობა“) იგი წუხს, რომ ბევრი ამ სიტყვებს არასწორად განმარტავს და გვთავაზობს საკუთარ ,,სწორ“ განმარტებას, რომლის მიხედვითაც, თურმე საქართველო უკვე გაბრწყინებული ყოფილა, რადგან ქართველმა ხალხმა მიიღი ქრისტიანობა, მრავალი წმინდანი წარმოშვა და ერში ამჟამადაც არსებობს მორწმუნე ადამიანთა ბირთვი.

ის, რასაც მამა ლევანი ბრძანებს, მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ ახლა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ორი პროცენტი ცხოვრობს ეკლესიურად (იმ ორ პროცენტშიც რამდენია ჭეშმარიტი მორწმუნე უფალმა უწყის), როდესაც საზოგადოებაში მძაფრი სულიერ-ზნეობრივი კრიზისი არსებობს, საქართველო გაბრწყინებულად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

ღვთივგანბრძნობილი მამები ამგვარად განმარტავენ ,,საქართველოს გაბრწყინებას“: ,,საქართველო უნდა გაბრწყინდეს, მაგრამ დიდი ტანჯვა უნდა გამოიაროს, როცა იტყვიან, აი მორჩა… მაშინ განათლდება და გაბრწყინდება. სწორედ ეს გაბრწყინება იქნება რელიგიური აღმავლობა და არა დოლარების ფრიალი ზოგს რომ ჰგონია.(13) ,,ეს იქნება ერის სულიერი და ცნობიერი გაბრწყინება ქრისტეში“(14) (მამა გაბრიელი). მამა გიორგი კი დასძენს: ,,საქართველო გაბრწყინდება“ – ეს სწორად უნდა გვესმოდეს. ისე კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ საქართველო სავსეა დოვლათით, სოფლები – ყოველნაირი ნაყოფის სიუხვით; ქალაქები – ფაბრიკებით და ქარხნებით; სუპერმარკეტები გამოტენილი კარგი და იაფფასიანი პროდუქტით. ადამიანები – სათნოებით აღსავსენი. ბოროტება – გამქრალი. ,,ცეცხლი თავისით დანთებული და ხორცი თავისით მოხარშული“. ასე ეს არ მოხდება!.. მხოლოდ დაუღალავი, შეგნებული, მიზანმიმართული საღმრთო შრომითა და ბრძოლით გაბრწყინდება საქართველო და არა ,,კეთილი ჯადოქრის“ ერთი ხელის მოსმით.“(15)

არქიმანდრიტი შფოთავს, რომ საქართველოს გაბრწყინებაზე საუბრით შეიძლება მივიდეთ ,,ეროვნულ უტოპიამდე“ და ,,მიწიერი სამოთხის შექმნის ილუზიამდეო“. არადა, ჩვენი მამები სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძვიან, როცა აცხადებენ, რომ საქართველოს გაბრწყინება ჩვენს სულიერ შრომაზეა დამოკიდებული და გულხელდაკრეფილნი არ უნდა ველოდოთ ნეტარი ჟამის დადგომას.

ღირსი მამები საქართველოს გაბრწყინებას უკავშირებენ ჩვენს ქვეყანაში ათონის მთიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაბრუნებას. ამ გარდამოცემას ეჭვის თვალით უცქერს მღვდელი ლევან მექოშვილი, იგი სკეპტიკური ტონით წერს: ,,რომელი მამები, საინტერესო იქნებოდა დაესახელებინათ.“(16) ვუსრულებთ სურვილს მამა ლევანს:

1) პორტაიტისის ხატის მიერ ათონის დატოვების შესახებ საუბარია წმ. ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებებში. (17)

2) ამ გარდამოცემის არსებობას აღნიშნავდა წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II, რომელიც თავის ნაშრომში, ,,ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“, წერდა: ,,ათონზე მთაწმინდელმა ჩაიწერა გადმოცემა, რომლის მიხედვითაც პორტაიტისის ხატი უკანასკნელ ჟამს, ანუ უფლის მეორედ მოსვლის წინ, თავდაპირველ ადგილსამყოფელს ივერიას დაუბრუნდება.(18) მართლაც, ეს გარდამოცემა ათონზე, ათონელი ბერებისაგან ჩაუწერია იეროსქემმონაზონ სერგის (ვესნინს): ,,ამბობენ, რომ ეს ხატი ბოლო ჟამს, ანუ უფლის მეორედ მოსვლის წინ წაბრძანდება აქედან თავის პირველსამყოფელში, ივერიაში, ანუ ჩვენს საქართველოში“. (19)

3) ამ ხატის საქართველოში დაბრუნებას უკავშირებდა იბერიის გაბრწყინებას მამა გაბრიელიც: ,,ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებია გაცილების მიზნით… ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.“ (20)

4) საქართველოს გაბრწინებას ივერიის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში დაბრუნებას უკავშირებენ იმის გამოც, რომ სწორედ ამავე ხატის ძველ რუსულ აკათისტოში ვხვდებით ცნობებს ივერიის უკანასკნელ ჟამს გაბრწყინების შესახებ: ,,Ангел предстатель послан бысть рещи Богородице, егда паде Ей жребий апостольскаго служения в земли Иверстей: не разлучайся Иерусалима, жребий же, Тебе падший, просветится в последние дни, Ты же имаши потрудитися в земли, юже Тебе Бог изволит.“ (21)
ქართული თარგმანი: ,,ანგელოსი წინამდგომი მოავლინა რქმად ღმრთისმშობლისად, რაჟამს გამოუხდა მას წილი მოციქულებრივისა მსახურებისა ადგილთა ივერიისათა: ,,ნუ განეშორები იერუსალიმით, რამეთუ წილხდომილი შენი განათლდეს უკანასკნელთა დღეთა, ხოლო შენ იღვწიდ მუნ სადაცა ინების ღმერთმან.

5) დაბოლოს, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ათონის ივერთა მონასტრის მოლოცვის შემდეგ განაცდა: ,,ივერიის ღვთისმშობლის ხატს უკვე ველოდებით საქართვლოში.“

ასე რომ, ახლა ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომელი ღირსი მამები უკავშირებენ საქართველოს გაბრწყინებას ივერიის ღვთისმშობლის ხატის დაბრუნებას.
შემდეგ არქიმანდრიტი წერს: ,,მამა გიორგი… ორი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა (მისებური სწავლებით):
1) ქართველობა, როგორც ასეთი, თითქოს უკვე ნახევარი ცხონებაა;
2) ხოლო მეორე ნახევარს კი მამა გიორგის ან მისნაირ ,,ნამდვილთა~ მიმდევრობა შეგივსებთ.

ჯერ ერთი, რას გულისხმობს არქიმანდრიტის სიტყვები ,,ნახევარი ცხონება“? შეიძლება, ვისაუბროთ ,,ნახევარ ცხონებაზე“ და ,,ნახევარ წარწყმედაზე“?. ნახევრად და 3/4-ით ცხონება ვის გაუგია? (ამგვარი მსჯელობა გვაკვირვებს იმ კაცისგან, რომელიც მამა გიორგის სულიწმიდის მადლის პროცენტულად გამოსახვაში წამებდა ცილს).
მეორეც, მამა გიორგის წიგნებში ქართველობა უმთავრესად იხმარება არა როგორც ე თ ნ ი კ უ რ ი ,    არამედ  ს უ ლ ი ე რ ი   კატეგორია. ისევე როგორც, წმიდა წერილში ,,ისრაელი“ ზოგ შემთხვევაში გამოიყენება როგორც ეთნიკური, ზოგ შემთხვევაში კი სულიერი კატეგორია. სულით ქართველებად დასახელებულნი არიან მამა ფილარეტი (კუდინოვი), მამა იოანე (ოლარი), რომელნიც ეთნიკური წარმოშობით არ არიან ქართველნი. სხვაგან კი მამა გიორგი აღნიშნავს, რომ შეიძლება წარმოშობით იყო ქართველი, ცხოვრების წესით კი – არა. ,,ქართველი მარტო გვარითა და დაბადებით არაა ბაბუა! ქართველი ცხოვრებითაც უნდა იყო! ქართველობა მოვალეობაა და ქრისტეს ერთგული ცხოვრება.“ (22)

გაუმართლებელია მამაოს დადანაშაულება ზოოლოგიურ ნაციონალიზმში. მამა გიორგი სრულიადაც არ აიდეალებს ჩვენს ნაკლს და სულიერ სიმახინჯეს, ის შესანიშნავად ხედავს ქართველთა არა მხოლოდ ღირსებას, არამედ უღირსობასაც: „ქართველი თუ წახდა, ბადალი არა ჰყავს სიგლახეში…“ (23)

მამა იერომიელი ძალზე ორაზროვნად მსჯელობს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების საკითხზეც და თითქოს ამართლებს კიდეც ქრისტიანთა პასიურობას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ აქ ვრცლად არ შევეხებით ამ საკითხს (თუმცა, გამოვთქვამთ მზადყოფნას პოლემიკისათვის), მაგრამ ორიოდე სიტყვით უნდა ითქვს, რომ გაუმართლებელია მორწმუნის უყურადღებობა და გულგრილობა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემებისადმი. წმ. ფილარეტ მოსკოველის თქმით, ,,მიწიერი სამეფოს უღირსი მოქალაქე ზეციური სასუფევლისთვისაც უვარგისია.“ (24) ცხონება მონარქიულ სახელმწიფოშიც შეიძლება და დემოკრატიულშიც, მაგრამ ქრისტიანის საზოგადოებრივი მოღვაწეობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის სათავეში ღირსეულ ხელისუფალთა მოსვლას, ვინაიდან წმიდა მამათა სწავლებით, სახელმწიფოებრივ მმართველობას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მორწმუნეთა სულიერ ცხოვრებაზე და ,,დედამიწაზევე ნატარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეუფოს მოპოვებაში დაეხმარება(25). ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რომელი სახელმწიფო წყობილებაა უმჯობესი სარწმუნოებრივ-საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ამის შესახებ ეკლესიის ორიათასწლოვანი სულიერი გამოცდილება წმ. სერაფიმე საროველის პირით ღაღადებს: ,,ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფლება, ვიდრე ხელისუფლება მართლმადიდებელი მეფისა.“(26) მსგავსი ციტატების მოტანა წმ. მამათა ნაწერებიდან დაუსრულებლად შეიძლება, ამიტომაც ამ საკითხზე ორაზროვანი მსჯელობა ბოროტი დემაგოგია გახლავთ.

გ ა ნ ს წ ა ვ ლ უ ლ ო ბ ა      რ უ ს თ ვ ე ლ ო ლ ო გ ი ა შ ი 

(შტრიხები არქიმანდრიტ ფილიშვილის ზნეობრივი პორტრეტისათვის)

როგორც ვნახეთ, არქიმანდრიტს ძალიან უყვარს თავისი ,,ერუდიციის“ დემონსტრირება. იგივეს მიმართავს იგი რუსთველოლოგიის სფეროშიც. თავისი ბროშურის ბოლოს იგი ეხება მერაბ ცინცაძის ნაშრომს, რომელზეც წერს: ,,რაც შეეხება ,,ვეფხისტყაოსნის“ მკვლევარს, ბ-ნ მერაბ ცინცაძეს, ,,რუსთველოლოგია“ ასეთს არ იცნობს. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცნობთ პირადად მას. იგი ჩვენი მეზობელი გახლავთ. გამოკვლევაზე დავიდუმებთ (მეზობელია მაინც!). პ ა ვ ლ ე    ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა ს   ,,რ უ ს თ ვ ე ლ ი ა ნ ა ს “  შემდეგ, უხერხულიც კია გაკადნიერდე და გამოკვლევა უწოდო საკუთარ ნაშრომს, რომელიც უფრო მჩხიბაობის ჟანრისაა“(გვ.52).

კონტექსტიდან ჩანს, რომ ,,მრავალმხრივ განსწავლული“ არქიმანდრიტი პავლე ინგოროყვას ,,რუსთველიანას“ იმოწმებს როგორც ეტალონს რუსთველოლოგიური შრომისა.

არადა, სამეცნიერო ლიტერატურაში ერთხმად არის აღიარებული, რომ ,,რუსთველიანა“ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო სამეცნიერო ღირებულების მქონე ნაშრომი, რაც კი პავლე ინგოროყვას ოდესმე დაუწერია.

პავლე ინგოროყვა ამ ნაშრომში ამტკიცებდა, რომ შოთა რუსთაველი იყო ჰერეთის ერისთავი (მეცნიერმა მისი დაბადების წელიც კი ,,გამოთვალა“: 1168-69 წ.), შოთა იყო აღმსარებელი მანიქეველთა სექტისა (შემდგომში კი პ. ინგოროყვამ რუსთაველი მზისთაყვანისმცემლადაც გამოაცხადა), რომელიც სამეფო კარს უცხოეთში განუდევნია.

კომპეტენტურ ავტორთა შეფასებით, პ. ინგოროყვას ეს ნაშრომი, არქიმანდრიტის ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ნამდვილად ,,მჩხიბაობის“ ჟანრისაა. აკად. კორნელი კეკელიძე ,,რუსთველიანას“ შესახებ წერდა: ,,ჩვენ განვიხილეთ ყველა თითქმის მნიშვნელოვანი ისტორიულ-ლიტერატურული დებულება ამ შრომისა და დავინახეთ, რომ არც ერთი მათგანი სიმართლეს არ შეეფერება: ეს დებულებანი ავტორს დაუმყარებია ან შეცდომით წაკითხულსა და გაგებულ დოკუმენტებზე, ანდა თავისუფალი ფანტაზიის აღმაფრენაზე. ვეფხისტყაოსნის ტექსტისა და მისი ავტორის ვინაობის პრობლემა ავტორმა, გაშქების მაგიერ, – უფრო დააბნელა, შემდეგს მკვლევარს არათუ არ გაუადვილა მან გზა, პირიქით გაუძნელა კიდეც ამ გზაზედ უხვად მიმობნეული ქვითა და ეკალ-ნარით“. (27)

ჩვენ არაფერი გვაქვს პავლე ინგოროყვას, ამ შესანიშნავი მეცნიერისა და მამულიშვილის საწინააღმდეგო, მაგრამ დიდი მეცნიერები ხშირად დიდ შეცდომებსაც უშვებენ ხოლმე.

რა თქმა უნდა, არქიმანდრიტს არც გადაუშლია ,,რუსთველიანა“, თორემ მას ეტალონად როგორ დაიმოწმებდა! ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მამა იერომიელი მართლაც იცნობს პ. ინგოროყვას ამ თხზულებას და ის ნამდვილად მაღალი სამეცნიერო ღირებულების ნაშრომი ჰგონია, ვერ ყოფილა კარგად საქმე

ვისაც მამა იერომიელის ბროშურა წაუკითხავს, დაგვეთანხმება, რომ არავითარი აუცილებლობა ბ-ნი მერაბ ცინცაძის და მისი ნაშრომის იქ მოხსენიებისა არ არსებობდა. მაგრამ არქიმანდრიტმა არ გაუშვა ხელიდან შანსი, გაექილიკებინა პიროვნება, ვის მიმართაც არ იყო კეთილგანწყობილი. უწოდა რა ,,მჩხიბავი“ და შეურაცხყოფა მიაყენა ბ-ნ მერაბს, შეგვაძრწუნა იმ ფაქტმა, რომ შემდეგ არქიმანდრიტმა, იქედნური ნიშნის მოგებით, სახლშიც კი გაუგზავნა ეს ბროშურა მას.(28) ასეთ საქციელს მხოლოდ უკიდურესად მრუდე ზნის ადამიანი თუ იკადრებს!

რაც შეეხება მერაბ ცინცაძის წიგნს, მის სამეცნიერო ღირებულებას დრო გვიჩვენებს და არა არქიმანდრიტის ცინიკური რეპლიკები.

ცნობილია, რომ ზოგიერთი ადამიანი პოლემიკის დროს მიმართავს შემდეგ ,,ილეთს“: როდესაც საკმარისი არგუმენტები არ მოგეპოვება მოწინააღმდეგის გასაკრიტიკებლად, მაშინ მის პირად შეურაცხყოფაზე უნდა გადახვიდე და ასე დაიწერო ქულები. ამგვარად იქცევა არქიმანდრიტი ფილიშვილიც. იგი მამა გიორგის აგდებულად მოიხსენიებს როგორც ,,ბერიკაცს“, შემდეგ კი პირდაპირ აყენებს შეურაცხყოფას და ცილს სწამებს მას, როდესაც ცინიკურად აცხადებს, რომ თურმე მამა გიორგის ,,უვნებლობა ოდენ ასაკიდან გამომდინარე ფიზიოლოგიური პროცესების მინავლება ჰგონია“(გვ. 48).

იქვე არქიმანდრიტი წერს: ,,გამოცემებში ხშირად მეორდება რიგ სასულიერო პირთა, სავარაუდოდ ,,ნამდვილთა“ ფოტოსურათები. ჩვენ მათ არ ვიცნობთ, მაგრამ ზოგიერთი მზერა იმდენად არაჯანსაღია, რომ დამწყებ ფსიქიატრსაც არ გაუჭირდება დიაგნოზის დასმა.“(გვ.52) როგორც თვითონვე აღნიშნავს მამა იერომიელი იგი მათ პირადად არ იცნობს, მაგრამ ეს მას ,,ხელს არ უშლის“ შეურაცხყოფა მიაყენოს მათ. უკვე ის ფაქტი, რომ მათი სურათები მამა გიორგის შესახებ არსებულ გამოცემებშია, მძულვარებით განაწყობს არქიმანდრიტს მათდამი და ისიც გაავებული ანთხევს ბოღმას.

თავისი ბროშურის ბოლოს გაამაყებული არქიმანდრიტი, ჰგონია რა რომ ,,ამხილა“ მამა გიორგი, დასძენს: ,„,ჩვენ ამ ძალების არ გვეშინია და გამოწვევაც მივიღეთ. საასპარეზოდ ქართული სტილით ჭიდაობა ავირჩიე და ჭეშმარიტად ქართულადაც ვამთავრებ, ჩოქბჯენში აღარ გეჭიდავებით, ეს არ არის ქართველთა წესი“(გვ. 55.).

ყოველივე ზემოთ თქმულის შემდეგ, კი ჩ ო ქ ბ ჯ ე ნ ი  თქვენკენ მოიკითხეთ, მამაო!

ჩვენ არ ვიკადრებთ სახლში მოგართვათ ჩვენი პასუხი (ისე, ღირსი კი ბრძანდებით), ისედაც დარწმუნებულნი ვართ, რომ მას თვითონ მოიპოვებთ და კვლავ შეუდგებით ახალ ცილისწამებათა ხლართვას.

ჩვენ პირადად არაფერი გვაქვს თქვენი საწინააღმდეგო და არც განგიკითხავთ, მაგრამ ,,არ განიკითხო“ არ ნიშნავს თეთრი და შავი არ განასხვავო“(მამა გიორგი). სადაც წმინდანების მდევნელი სავლე პავლედ იქცა, არ არის გამორიცხული თქვენც გააცნობიეროთ თქვენი საქციელი. ასე რომ, თქვენზეა დამოკიდებული, თუ რას იზამთ მომავალში, გაახელთ სულიერ თვალებს და შეინანებთ თქვენს საქციელს, თუ კვლავ დიდი მონდომებით გააგრძელებთ წმინდანების დევნას და ჯოჯოხეთის ცეცხლთან თამაშს…

P.S. ეს ნაშრომი დაიწერა 2011 წელს პასუხად არქიმანდრიტი იერომიელ ფილიშვილის ყოვლადუბადრუკი ბროშურისა „ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხვალთ“. ტექსტში შევიდა მხოლოდ რამდენიმე არაარსებითი შესწორება. თუ ვინმე დაინტერესდება, დააფინანსოს წიგნაკად დაბეჭდვა, მოგვწერეთ: orthodoxculture@gmail.com

ლევან ბებურიშვილი

                                             

                                                        დამატება

                               „666 ანუ აპოკალიფსური საცდური“

არ გასულა დიდი ხანი, რომ არქიმანდრიტი ფილიშვილის მეორე ბროშურამ იხილა დღის სინათლე. „666 ანუ აპოკალიფსური საცდური“ _ ასე ეწოდება ახალ ნაშრომს. ყდაზე შიგნიდან მიკრულია ქაღალდის ნაჭერი, რომელზეც აწერია, რომ წიგნი „იბეჭდება ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით“. როგორც ჩანს, თავდაპირველად, ბროშურის დაკაბადონებისას, მეუფეს კურთხევა არ გააჩნდათ და დაბეჭდვის შემდეგ დააწებეს ეს განაცხადი.

კითხვები გვაქვს მეუფე სერაფიმეს მიმართაც. საინტერესოა, იცნობს თუ არა იგი ამ პუბლიკაციას. ე. ვეკუას ავტორობით გამოცემულ წიგნში „ბერი ნიკოლოზი“ მეუფე სერაფიმე იმ ადამიანთა შორისაა მოხსენიებული, რომელიც ხედავს და აფასებს მამა ნიკოლოზის ღვაწლს, მეუფეს ისიც აღუთქვამს ავტორისათვის, რომ აუცილებლად დაწერს მოგონებას ბერზე; მისი კურთხევით გამოცემულ ფილიშვილის წიგნში კი მამა ნიკოლოზი მოხსენიებულია, როგორც ცრუ სალოსი, ხიბლში მყოფი და სხვ. ასე რომ, მეუფე სერაფიმესაგან ველოდებით ყოველივე ამის განმარტებას.

რაც შეეხება თავად ბროშურის შინაარსს, იგი წინა პასკვილის იდეურ გაგრძელებას წარმოადგენს, არქიმანდრიტი იერომიელი კვლავ თავისას მიერეკება. ამჯერად არქიმანდრიტის ქილიკის საგანია ოთარ ნიკოლაიშვილის მოგონება, რომელიც ჟურნალ „ქვაკუთხედში“ გამოქვეყნდა. ავტორი მოგვითხრობს, თუ როგორ უწინასწარმეტყველა მამა ნიკოლოზმა მის ქალიშვილს, თუ რომელი ბილეთი შეხვდებოდა გამოცდაზე, რის შემდეგაც გოგონამ წარმატებით ჩააბარა საგანი.

რა თქმა უნდა, არც ესქატოლოგიასთან და არც აპოკალიფსთან ამ ისტორიას არავითარი კავშირი არ აქვს, არქიმანდრიტის ბროშურა კი სწორედ ამ თემებს ეძღვნება. მამა იერომიელს ეს სრულიადაც არ ანაღვლებს, მისთვის მთავარია მამა ნიკოლოზს სახელი გაუტეხოს. ამიტომ ხელოვნურად შემოაქვს ეს ისტორია საკითხთა წრეში.

არქიმანდრიტი წერს, რომ „სალოსმა“ ღმერთთან „ჩააწყო საქმე“, ეს კი არაქრისტიანულია, რადგანაც ამ დროს სხვა მოწაფეები დაიჩაგრნენ.
მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით, რწმენა მეცადინეობაზე მაღლა დგას. ღმერთისა და წმინდანის რწმენის გამო მორწმუნეებს ხშირად უადვილდებათ დაბრკოლებათა გადალახვა. იგივე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

„აქვე არიან ვითომცდა სხვისი ცოდვების “გამომტირებელი წმინდანები“, რომელთა საქმიანობაც უფრო ე. წ. კარმის გაწმენდას მიესადაგება. ასეთებს სულიწმინდა ამხელს დავითის ფსალმუნებით: „ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს (ფს.48.8)“ _ წერს არქიმანდრიტი.

ცხადია აქ არქიმანდრიტი ირიბად მამა გიორგი ბასილაძეს ეკამათება. სხვისი ცოდვების გამოტირებაზე შეიძლება ითქვას შემდეგი: ძალად ცხონება არავის გაუგია, ამიტომაც სხვისი ცოდვების სრულად საკუთარ თავზე აღება და ძალად ვინმეს გადარჩენა შეუძლებელია. წმინდანები ნაწილობრივ ტვირთულობენ ადამიანთა ცოდვებს, რადგანაც მისდევენ პავლე მოციქულის სიტყვებს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი (გალ. 6, 2)“. არქიმანდრიტ ფილიშვილზე განუზომლად დიდი ავტორიტეტი ამბა იოსებ ისიქასტიც ბრძანებს: „მე ჩემს თავზე ვიღებ იმის განსაცდელს, ვისაც ვეხმარები“ (ბერი იოსებ ათონელი, მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა, 2004, გვ. 134).
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: წმინდანი ძალად კი არ ეხმარება ადამიანს, არამედ იმ შემთხვევაში, როდესაც მის რწმენასა და მონდომებას ხედავს.

რუსული ბროშურებიდან გადმოწერილი მასალების მიხედვით საუბრობს არქიმანდრიტი ბოლო ჟამის შესახებ, ხანდახან კი საკუთარ ფანტაზიასაც აძლევს გასაქანს და ასე ახასიათებს ანტიქრისტეს: „იგია ხალხთა ბელადი, ხალხთა მამა. მისთვის ცეკვავს და მღერის ყველა მისი თანამედროვე თუ ფოლკლორული ანსამბლი… მისი მომღიმარე სურათებია გამოკრული ბილბორდებსა თუ შენობებზე“. არქიმადრიტი განაგრძობს: „გამოცხადებიდან“ ცნობილია, რომ ანტიქრისტე მძიმე ფიზიკურ ჭრილობას გადაიტანს და სასწაულებრივად წამოდგება ფეხზე. წარმოიდგინეთ რამდენი ლექსი და ბალადა დაიწერება ამაზე მსოფლიოს სხვადახვა ენაზე, გადაიღებენ ფილმებს“.

ანტიქრისტეს მმართველობის უკანასკნელი პერიოდი უაღრესად მძიმე იქნება კაცობრიობისათვის. საყოველთაო დევნას თან დაემატება უმძიმესი ბუნებრივი კატაკლიზმები, ამიტომ ლექსების წერისა და კინემატოგრაფიისათვის, საეჭვოა, რომ ვინმემ მოიცალოს.

ცხადია, არქიმანდრიტი შანსს არ გაუშვებდა ხელიდან, რომ არ გაესვა ხაზი თავისი განსწავლულობისათვის და არ გაენათლებინა მკითხველები. სქოლიოებში მოცემულია შემდეგი განმარტებანი: “ექსკლუზივი _ აქ: განსაკუთრებულობა“, „საკრალური _ წმინდა, კურთხეული“, „ხაკა _ მაორის ტომის მამაკაცთა რიტუალური ცეკვა ბრძოლის წინ, მოწინააღმდეგის შესაშინებლად; ხაკას ტრადიციულად ატარებს ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები მატჩის წინ“. სქოლიოში ასევე შეხვდებით გერმანელ ფილოსოფოს „მანუელ კანტს“, რომელსაც სინამდვილეში „მანუელი“ ერქვა და ა. შ.
ერთი სიტყვით, როგორც ახალი ბროშურიდანაც ჩანს, არქიმანდრიტი იერომიელი არ აპირებს ძველი გზიდან გადახვევას.

შენიშვნები:

1) თავნი და ბოლონი იტყვიან: ,,გიორგი“, გვ. 78.

2) Слова Преподобного Симеона Нового Богослова, т. II, М., 2006, გვ. 523-524.

3)მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბ., 2010, გვ. 81.

4) ციტირებულია: მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბ., 2010, გვ. 67.

5) მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბ., 2010, გვ. 55.

6)Слова Преподобного Симеона Нового Богослова, т. II, М., 2006, გვ. 533.

7) ფეხითმოსიარულე, II, გვ. 106-107.

8) წმ. მღვდელთმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი), მისიონერული წერილები, თბ., 2005, გვ. 253.
9) წმიდა იოანე სინელი, კლემაქსი, ანუ კიბე, თბ., 2005, გვ. 316.

10)Архимандрит Софроний (Сахаров), Видеть Бога как он есть, Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2006, გვ. 235.

11)წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლებანი, I-II, თბ., 2009, გვ. 185.
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბ., 2010, გვ. 341.

12)მღვდელი ლევან მექოშვილი, საქართველო მეორედ მოსვლის წინ, მითი და სინამდვილე, თბ., 2008, გვ.51.

13) დ. მშვენიერაძე, ბერის დიადემა, II, თბ., 2007, გვ. 132.

14)ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია, ცხოვრება და მოღვაწეობა ბერი გაბრიელისა, გამოიცა საგარეჯოსა და ნინოწმიდის ეპისკოპოს ლუკას (ლომიძე) ლოცვა-კურთხევით, გვ. 188.

15)ძალა და თავისუფლება, გვ. 180.

16)მღვდელი ლევან მექოშვილი, საქართველო მეორედ მოსვლის წინ, მითი და სინამდვილე, თბ., 2008, გვ.51.

17)იხ. სიკვდილისშემდგომი შეგონებანი და წინასწარმეტყველებანი ღირსისა მამისა ნილოს მირონმდინარისა, ათონელისა, თბ., 2004, გვ. 404-414.

18)ეპისკოპოსი კირიონი, ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში, თბ., 2009, გვ. 102.

19)Письма Святогоца к друзьям своим о Святой Горе Афонской, М., 2008, გვ. 199.(პირველი გამოცემა 1850წ.)

20)ბერის დიადემა, თბ., 2011, გვ. 314.

21)Акафист Пресвятой Богородице в честь чудотворной иконы “Иверской“, М., 2009, с. 3.

22) ფეხითმოსიარულე, II გვ. 230.

23) ძალა და თავისუფლება, გვ. 122.

24) სახელმწიფოებრივი კატეხიზმო, თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა, თბ., 1999, გვ. 10.

25) სულიერი მდელო, გვ. 520.

26) სახელმწიფოებრივი კატეხიზმო, თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა, თბ., 1999, გვ. 11.

27) კ.კეკელიძე, რუსთველოლოგიური ნარკვევები, თბ., 1971, გვ. 37.

28) იხ. მერაბ ცინცაძის წერილი ,,ფეხითმოსიარულე“, IV, გვ. 70.

Advertisements
This entry was posted in რელიგიური პუბლიცისტიკა and tagged , . Bookmark the permalink.

One Response to მამა გიორგი ბასილაძის სწავლებათა თაობაზე (პასუხად არქიმანდრიტ იერომიელ ფილიშვილს) ნაწილი III

  1. Tamar says:

    გმადლობთ. ახლა, როდესაც მამა გიორგი გაიყვანა უფალმა ამ ქვეყნიდან, განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევს ის, რომ მას, ისევე, როგორც მამა გაბრიელს, ვერ გაუგეს სიცოცხლეში. არა თუ ვერ გაუგეს, მტრად მოეკიდნენ და ასეთი ბოროტი გზა აირჩიეს. თუმცა, ეს ხშირად ჩვენი სენია და ასე ხდება ყველა დიდი ადამიანის მიმართ, რომელი ერთი დავასახელო.
    მამა გიორგი დაიკრძალა არქიმანდრიტის ხარისხში (მამა გაბრიელის მსგავსად). მოვიდა პატრიარქის წერილი, რომელმაც მოასწრო, მიენიჭებინა მისთვის არქიმანდრიტის წოდება და იგი სპეტაკ სადღესასწაულო სამოსში შემოსილი, მიტრით გამოასვენეს მის მიერ აღდგენილი ჭოგნარის ტაძრიდან. ესწრებოდა ბევრი კეთილი სამღვდელოება, უმაღლეს იერარქთაგან – მეუფე თადეოზი (იორამაშვილი) და მეუფე გიორგი (შალამბერიძე).
    3 ივნისს 40 დღე ხდება, რაც დიდმა მამამ, არქიმანდრიტმა გიორგიმ ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s