როგორ ავიცდინოთ ლიბერალიზმის მახათი?! (შენიშვნები „თეოლოგ“ ზ. უძილაურის ერთ ნაშრომზე)

       საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ათასი ჯურის ნეოლიბერალი ნაირგვარი ცილისმწამებლური ბრალდებებით თავს რომ ესხმის, ახალი ამბავი არ არის. ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ „თეოლოგ“ ზელიმხან უძილაურის წერილზე: „როგორ  ავიცდინოთ ფუნდამენტალიზმის მახვილი?“ (1)      

სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვა უნდა ითქვას ჭეშმარიტი თეოლოგიის არსის შესახებ, ვინაიდან ვაჟა-ფშაველას ერთი ლექსის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ: „თეოლოგები მომრავლდნენ, როგორც მაისში რწყილები.“ არაფერი რომ ვთქვათ გაურკვეველი რელიგიური აღმსარებლობის „თეოლოგებზე“, ბევრი მართლმადიდებელი სწავლულიც ამაყად იფერებს ღვთისმეტყველის წოდებას (მნიშვნელობა არ აქვს სასულიერო პირი იქნება იგი, თუ საერო). საკმარისია, ვინმემ რამდენიმე კვირიანი სტაჟირება გაიაროს უცხოეთის რომელიმე კოლეჯში და იგი უკვე დასრულებული “თეოლოგი“ და რელიგიური ექსპერტია.

მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, „ყველა ადამიანს არ ძალუძს ღვთისმეტყველება, ეს არ არის ამქვეყნად „ქვემოთ მოსიარულეთა“ საქმე, არამედ მხოლოდ მათი, ვინც გამოიცადა, ცხოვრება უფლის ჭვრეტაში გაატარა და, უპირველეს ყოვლისა, გაიწმინდა“ (2)  ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი იგია, ვისაც პიროვნული ღვაწლით შეუცვნია უფალი და ღვთისმეტყველებს საკუთარი სულიერი გამოცდილებიდან გამომდინარე. როგორც წმ. სილუან ათონელის სულიერი მემკვიდრე, არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი) ბრძანებს: „არც უზომო რაოდენობის წიგნების კითხვას, არც ქრისტიანობის და სხვა რელიგიების ისტორიის გაცნობას, არც სხვადასხვა საღვთისმეტყველო სისტემების შესწავლას არ მივყავართ საბოლოო მიზნამდე: ცხონებამდე ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნების გზით… აკადემიური ღვთისმეტყველების საუკუნეობრივმა გამოცდილებამ თვალნათლივ გვიჩვენა, რომ შესაძლებელია შემთხვევა ბრწყინვალე ერუდიციის ფლობისა სამეცნიერო ღვთისმეტყველებაში ცხოველი რწმენის არსებობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში ღვთისმეტყველება ხდება ინტელექტუალური პროფესია, მსგავსი იურისპოდენციისა…“ (3).  წმ. მაქსიმე აღმსარებლის თქმით კი, „ცოდნა პრაქტიკის გარეშე დემონური ღვთისმეტყველებაა“.     თვით დოგმატთა სრულყოფილი შემეცნებაც მისტიკური გამოცდილების საფუძველზეა შესაძლებელი. ერთი უსწავლელი წმიდა მამის დოგმატური ცოდნა გაცილებით უფრო ზუსტია ვიდრე ათი თეოლოგიის დოქტორისა: „დოგმატური შემეცნება, გაგებული როგორც სულიერი ცოდნა, ღმერთისგან მოდის საჩუქრად ისე, როგორც ჭეშმარიტი ცხოვრება ღმერთში შეუძლებელია ღმერთის წვევის გარეშე“ (4).

მართლმადიდებლური გარდამოცემით, სამი წმიდანი ატარებს ღვთისმეტყველის წოდებას: წმ. იოანე ღვთისმეტყველი, ყველაზე მისტიკური მახარებელთა შორის, სწავლებათა მისტიკური სიღრმით გამორჩეული წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და მართლმადიდებლური მისტიკის მწვერვალი წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. ეს ფაქტი ცხადად მიუთითებს, თუ როგორი კრძალვით ეპყრობა ეკლესია „ღვთისმეტყველის“  წოდებას.

ნამდვილი ღვთისმეტყველების საფუძველი პიროვნულ-მისტიკური გამოცდილებაა და არა სამეცნიერო-ინტელექტუალური მოღვაწეობა. ჭეშმარიტი ღვთისმეტყველების ნიჭი მოიპოვება არა თეოლოგიაში სადოქტორო დისერტაციის დაცვით, არამედ სულიერი შრომითა და ასკეტიზმით. ათეისტსაც თავისუფლად შეუძლია დაიცვას სადოქტორო დისერტაცია სამეცნიერო თეოლოგიაში, მაგრამ იქნება იგი ღვთისმეტყველი ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით? თანამედროვე თეოლოგები, საუკეთესო შემთხვევაში, ღვთისმეტყველების ისტორიკოსები არიან და არა ღვთისმეტყველები ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით.

თანამედროვე ე.წ. „ლიბერალური თეოლოგიის“ მიზანი აღარ არის ადამიანის განღმრთობა. იგი ხშირ შემთხვევაში დაცლილია სოტერიოლოგიური შინაარსისაგან და იესო ქრისტეს გაიაზრებს არა როგორც კაცობრიობის ცოდვათათვის ჯვარცმულ ღმერთს, არამედ უბრალო ზნეობის მასწავლებელსა და მისაბაძ პიროვნებას.

ვლადიმირ ლოსკის თქმით: „ღმერთი არაა მეცნიერების საგანი და ღვთისმეტყველებაც რადიკალურად განსხვავდება ფილოსოფიური აზროვნებისაგან. ღვთისმეტყველი არ ეძებს ღმერთს მსგავსად რაიმე საგნისა, არამედ თვით ღმერთი ეუფლება ღვთისმეტყველს…“ (5)

მაშ ასე, ვნახოთ თუ ვინ დაუფლებია „თეოლოგ“ ზ. უძილაურს, ღმერთი თუ ბელიარი?

საზოგადოდ, ყოველგვარი ღვთისმეტყველების საფუძველია რელიგიის აღირება ადამიანის სულიერი ცხოვრების უმაღლეს სფეროდ. აქ აღარ მოვიტანთ ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსთა აურაცხელ ციტატებს, რომ რელიგია არის კავშირის განახლება ღმერთთან, უსასრულოს ჭვრეტა და განცდა და ა.შ.

ზ. უძილაური კი, მსჯელობს რა რელიგიის ბუნებაზე, იმოწმებს არა წმიდანებსა და თეოლოგებს, არამედ მგზნებარე ათეისტებს: კარლ მარქსს, ემილ დურკჰაიმს, ზიგმუნდ ფროიდს და სხვ. . უძილაური სრულიად ეთანხმება ამ მოაზროვნეებს, რომ რელიგია წმინდა ავადმყოფობაა, რელიგიის მიზანი და მოწოდებაა მორწმუნე არა სხვაზე კეთილშობილი, არამედ უფრო წარმატებული გახადოს, ქონება და სიმყუდროვე შესძინოს მას, `რელიგია წმინდა ძალადობაა, რელიგია ბრუტალური მოვლენაა, ბრუტალური მამისმკვლელობის ნიადაგზე აღმოცენებული“… ზ. უძილაური აღფრთოვანებით იმეორებს ლუკრეციუსის სიტყვებსაც: რამდენი ბოროტება მოიტანა რელიგიამრელიგიამ კრიმინალური და უზნეო ქმედებები წარმოშვა.

ასეთი შეხედულება რელიგიის შესახებ მხოლოდ არარელიგიურ ადამიანს, ათეისტს შეიძლება გააჩნდეს. ამრიგად, ზ. უძილაურის სახით ჩვენ წინაშეა ათეისტური თეოლოგიის უნიკალური წარმომადგენელი.

მართლმადიდებლურ ეკლესიაზე მსჯელობისას ზ. უძილაური იმოწმებს ადოლფ ჰარნაკს, რომლის თქმითაც, ეს ეკლესია როგორც გარეგნული ეკლესია არის პროდუქტი აღმოსავლურად გადაგვარებული ქრისტიანობისაარავითარი პროფეტი, არავითარი რეფორმატორი, არავითარი დიდი გენიატრადიციონალიზმი და რიტუალიზმი განსაზღვრავენ მართლმადიდებლობის ხასიათს და აგრეთვე იმას, თუ რამდენად დაშორდა იგი სახარებას.

      პროტესტანტი რელიგიათმცოდნე ადოლფ ჰარნაკი მაღალი შეხედულების რომ არ იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რა გასაკვირია?  რატომ მაინც და მაინც პროტესტანტული კულტურის წარმომადგენლის აზრი უნდა დავიმოწმოთ მართლმადიდებლობაზე მსჯელობისას? ჰარნაკი ის „თეოლოგია“, რომელიც თვლის, რომ რწმენა მაღლა დგას დოგმატებზე და ქრისტიანული სწავლების შესანარჩუნებლად აუცილებელია დოგმატური აზროვნებისაგან განთავისუფლება.   მეცნიერი უარყოფს სახარებისეულ სასწაულებს, მიაჩნია რა ისინი მოციქულთა  შეზღუდული აზროვნების ინტერპრეტაციად. ქრისტეს კი იგი გაიაზრებს, როგორც უბრალოდ მისაბაძ პიროვნებას. ჰარნაკის აზრით, აღდგომა იმდენად რეალობა არ არის, რამდენადაც ქრისტეს არაჩვეულებრივი პიროვნების განუმეორებელი ზემოქმედების გამოძახილი ადამიანთა აზროვნებაში. როგორც პროტესტანტული კულტურის ღვიძლ შვილს, ჰარნაკს ქრისტიანობასთნ სრულიად შეუთავსებელი მიაჩნია ასკეტიზმი (6).  მის ცდომილებათა შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს.

ჰარნაკი ჩივის, რომ თურმე მართლმადიდებლურ ეკლესიაში გენიოსები და რეფორმატორები არ ყოფილან. გენიოსი, ი. კანტის მიხედვით, შეიძლება იყოს მხოლოდ ხელოვანი და არა რელიგიის ან მეცნიერების მოღვაწე. თუ ჰარნაკი გენიოსში განსაკუთრებული ინტელექტუალური უნარებით დაჯილდოებულ ადამიანს გულისხმობს, მაშინ უკვე ცილისწამებასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან მართლმადიდებლურ ეკლესის ჰყავს ისეთი დიდი ინტელექტით გამორჩეული წმინდანები, როგორებიც არიან: არეოპაგეტული კორპუსის ავტორი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. მაქსიმე აღმსარებელი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. არსენ იყალთოელი, წმ. გრიგოლ პალამა და ა.შ.

რაც შეეხება რეფორმატორთა არ არსებობას, ეს ნაკლი კი არა ღირსებაა! რეფორმაცია იქ არის საჭირო, სადაც ადგილი აქვს ღვთაებრივი სწავლებიდან გადახვევას. მართლმადიდებლური ეკლესია კი, ერთგულია რა მოციქულთა მოძღვრებისა, არავითარ რეფორმაციას არ საჭიროებს.

თუ ავტორიტეტებზე მიდგა საქმე, დავიმოწმებთ უდიდესი რუსი მწერლის ფ. დოსტოევსკის აზრს დასავლური ქრისტიანობის შესახებ, რომლის მიზნებსაც აშკარად თუ ფარულად ემსახურებიან ზ. უძილაური და „ლიბერალი თეოლოგების“ მთელი არმადა: „რომის კათოლიციზმი ათეიზმზე უარესი გახლავთ… ათეიზმი მხოლოდ ნულს გვიქადაგებს, კათოლიციზმი კი უფრო შორს მიდის: წარყვნილ ქრისტეს გვიქადაგებს, მის მიერვე ცილდაწამებულსა და შეგინებულს… ის ანტიქრისტეს გვიქადაგებს… რომის კათოლიციზმი სარწმუნოება კი არ არის, არამედ დასავლეთ რომის იმპერიის გაგრძელება… ათეიზმი მისგან იშვა; სწორედ რომის კათოლიციზმისაგან,.. ათეიზმს მათდამი ზიზღმა მოუმაგრა ფეხი.“ (7)

ზ. უძილაური აკრიტიკებს მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას. იგი წერს: „რაკიღა საეკლესიო იერარქიის კიბეზე აღმასვლისათვის ადამიანურად არაზომვადი კრიტერიუმი „სულიერება“ დაწესდა, ამით განათლებული და ლიბერალი, უბრალოდ ალალი ადამიანების დაწინაურება გამოირიცხა… „სულიერება“ რუსული “დუხოვნოსწის“ როგორც სიტყვისა და როგორც იდეის კალკი უნდა იყოს… იდეაში რასაკვირველია იგი ღმერთშემოსილებას და ღვთისმოსაობას უნდა გულისხმობდეს… გაზომვა ღმერთშემოსილებისა მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა, ოდენ მას ძალუძს. ნაცვლად სულიერებისა სამღვდელოთა დასაწინეურებლად რომ დაწესებულიყო ადამიანურად ზომვადი კრიტერიუმები, მაგ.: განათლება, ბიოგრაფიული მონაცემები და სხვ., ვფიქრობთ, ამგვარი კატასტროფული მდგომარეობა აგვცდებოდა.“

ამ მსჯელობაში რამდენიმე უზუსტობაა დაშვებული:  ჯერ ერთი, როგორ შეიძლება

რუსული სიტყვის კალკი იყოს მასზე გაცილებით ძველი და შინაარსის

ადეკვატურად გამომხატველი ქართული ტერმინი: „სულიერი“ (ზედს. სახ.) და „სულიერება“ (აბსტრ. არს. სახ.). დავიმოწმებთ X-XI სს-ის ნიმუშებს: “რომელსა ჟამსა ხელი მიყოს კაცმან სახარებასა, გინა სხუასა წიგნსა სულიერებისასა“ (მამათა სწავლანი, 1955. გვ. 76,16); “რომელმან გულს-მოდგინედ იწყოს საქმედ საქმეთა სულიერებისათა, უწყოდენ მან“(იქვე, გვ. 153,3)

 

მეორეც, ცრუობს „თეოლოგი“, როცა ამბობს, რომ „გაზომვა ღმერთშემოსილებისა მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა, ოდენ მას ძალუძს“ ეს შეუძლიათ წმიდანებსაც, ვისაც აქვს სულიერი ჭვრეტის უნარი. პატერიკებში დადასტურებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც ღირს მამებს სასულიერო თანამდებობაზე უკურთხებიათ უბრალო ადამიანები. მაგ., წმ. გრიგოლ ნეოკესარიელმა, ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, მღვდელმთავრად ხელი დაასხა მენახშირე ალექსანდრეს (შემდგომში მღვდელმოწამე ალექსანდრე კომანელი). ხალხი მღვდელმთავრად ითხოვდა განათლებულ და მჭევრმეტყველ კაცს, წმ. მამამ კი სულიერად განჭვრიტა მენახშირეს სიწმინდე და დაადგინა იგი სასულიერო თანამდებობაზე (იხ. წმინდანთა ცხოვრებანი, 12 (25) აგვისტოს საკითხავი).

მართლმადიდებლური სწავლებით, მღვდლის დანიშნულებაა ცოდვილის სულიერი განკურნება. აქედან გამომდინარე, სასულიერო თანამდებობაზე ხელდასხმის მთავარი კრიტერიუმი შეუძლებელია იყოს სხვა რაიმე, გარდა სიწმიდისა. ღვთისმსახურმა ადამიანი სულიერად რომ განკურნოს, ვლ. ლოსკის თქმით, „..საკმარისი არაა კაცობრივი ბუნების იმ ღრმა ცოდნის ფლობა, რომელიც ხანგრძლივი გამოცდილებით მოიპოვება; აქ თითოეულჯერ საჭიროა მოცემული პიროვნების ხედვა, პიროვნება კი მხოლოდ გამოცხადებით შეიძლება იქნეს შეცნობილი“ (8).  წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი კატეგორიულად აცხადებს: ,,როგორც ბავშვის დაბადება შეუძლებელია მამის გარეშე, ასევე შეუძლებელია ზემოდან დაბადება, ანუ სულიწმიდის მადლის მიღება მისთვის, ვისაც არ ჰყავს სულიერი მამა… ხორციელი მამა შობს ხორციელ შვილებს, სულიერი მამა კი მათ, ვისაც სურთ მის ძეებად ყოფნა, ხდის სულიერ შვილებად. მაგრამ ის, ვინც ჯერ თვითონ არ დაბადებულა, ანდა დაიბადა და ჯერ ბავშვია, ანუ არ მიუღწევია სრულყოფილებისათვის, როგორ შეიძლება იყოს სხვისი მამა?!.. ის ვინც არ გამხდარა ნათლის ძე გრძნობითად და ცნობიერად… როგორ შეძლებს სხვას უხელმძღვანელოს ნათლისაკენ, ანდა ასწავლოს მათ, რა არის ნათელი, რომელიც მოვიდა სოფლად, რომ განანათლოს ბნელში მყოფნი. თვითონ ბრმაა და ვერ ხედავს, როგორ შეძლებს ის სხვებისთვის გზის ჩვენებას?“ (9)

მსგავსადვე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ჯერ საჭიროა საკუთარი თავის განწმენდა, ხოლო შემდეგ სხვებისა… ჯერ ნათელი უნდა გახდე, რომ შემდეგ სხვებში ნათელი შეიტანო, ჯერ უნდა მიუახლოვდე ღმერთს, რომ შემდეგ მასთან სხვებიც მიიყვანო; ჯერ უნდა იკურთხო, რომ შემდეგ აკურთხებდე.(10)

მორწმუნეთა ერთ ნაწილში გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ  მნიშვნელობა არ აქვს მღვდლის ზნეობრივ სახეს, რადგან, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს მღვდელი, მის მიერ ეკლესიური საიდუმლონი მაინც აღესრულება. მართალია, საიდუმლოთა აღსრულება მღვდლის ზნეობრივ სიწმიდეზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა მხოლოდ ერთი ასპექტია მორწმუნეს სულიერი ცხოვრებისა. თუ ამას წინ სულიერი მოძღვრის შრომა და ადამიანის განწმედა არ უდევს საფუძვლად, საიდუმლოებებში  მონაწილეობა უმალ წარმწყმედელად ექცევა ადამიანს, ვიდრე მაცხოვნებლად საიდუმლოებებში მონაწილეობა მორწმუნის თვითმიზანი კი არ არის, არამედ საშუალება კურნებისა: ,,მღვდელი, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მკურნალია, რომელიც ადამიანურ უძლურებას კურნავს. ღვთისმსახურება და ეკლესიის საიდუმლოებები უნდა ჩაერთოს განკურნების პროცესში.“ (11).  საიდულმონი შეიძლება შევადაროთ წამალს, მღვდელი კი – ექიმს. თუ ექიმი ვერ ერკვევა ჩვენს სნეულებაში და არასწორ დანიშნულებას გამოგვიწერს, წამალი კი არ განგვკურნავს, არამედ შეიძლება, უფრო ცუდადაც გაგვხადოს. ასე რომ, მკურნალს განუზომელი მნიშვნელობა ენიჭება სულიერი და ხორციელი მკურნალობის ჟამს.

წმ. მამათა აზრით, ნამდვილ მღვდელს უნდა გააჩნდეს სულიერი მჭვრეტელობის ნიჭი, ვინაიდან მის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი კონკრეტული პრობლემებით, ზოგადი შეგონებებით და რეცეპტეებით მის მკურნალობას იგი ვერ შეძლებს, ვინაიდან, როგორც ლოსკი აღნიშნავს, „პიროვნება  მხოლოდ გამოცხადებით შეიძლება იქნეს შეცნობილი“. ამიტომაც წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი იმ მღვდლების შესახებ, რომელნიც არ განწმედილან და მაინც მსახურობენ, ბრძანებს: ,,ვინც ჯერ მოწაფეც არ გამხდარა, როგორც ევალებოდა, და მიუხედავად ამისა, იტაცებს მასწავლებლობის პატივი, მას მოელის ათასჯერ უფრო საშინელი სასჯელი ვიდრე ბოროტმოქმედებსა და მკვლელებს. ვინაიდან ეს უკანასკნელნი სხეულს კლავენ, ხოლო ის კი – სულს.“ (12)

„ლიბერალური თეოლოგიის“ წარმომადგენლებს კი მღვდლობა ესმით როგორც უბრალო მოხელეობა, ფორმალობა. მთავარია მღვდელს ესმოდეს ეკლესიის დოგმატები და თეოლოგთა მემკვიდრეობის შესწავლით შესწევდეს უნარი სახარების განმარტებისა. ასეთი გაგება პირწმინდად პროტესტანტულია. საკმევლის კმევას, ჯვრის გამოსახვასა და ასამაღლებლის თქმას არავითარი განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება, მღვდლობის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ „სულიერად მღვდელი თავის სამწყსოზე მაღლა უნდა იდგეს“ (13) თუ მრევლსა და მოძღვარს შორის სიწმიდის თვალსაზრისით განსხვავება არ არის, ასეთი მღვდელი უძლურია განკურნოს ცოდვილი. სიწმიდის ნაცვლად იერარქიული დაწინაურების პირობად ზ. უძილაური გვთავაზობს: განათლებას, ბიოგრაფიულ მონაცემებს და სხვ.  ეს „და სხვ.“ რაღაც დიდმნიშვნელოვანს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ „თეოლოგი“ არ აკონკრეტებს, თუ რას გულისხმობს. რაც შეეხება განათლებასა და ბიოგრაფიულ მონაცემებს, მათ უსათუოდ ექცევა ყურადღება ხელდასმის დროს, მაგრამ თუ მღვდელს სულიერი ჭვრეტა და სიწმიდე არ გააჩნია, განათლება და ბიოგრაფიული მონაცემები ვერაფერს უშველის. მაცხოვნებელი ძალა აქვს არა ერუდიციას, არამედ საღმრთო მადლს.

ასე რომ თუ ეკლესიაში პრობლემები არსებობს, ეს მომდინარეობს არა მართლმადიდებლური ეკლესიის ბუნებიდან, არამედ ცალკეული უღირსი სასულიერო პირებისაგან. სასულიერო თანამდებობზე ჭეშმარიტი მოძღვრები რომ დგინდებოდნენ, აუცილებელია თავად მათ მაკურთხეველ იერარქებს გააჩნდეთ სულიერი ხედვა, სიწმიდე, რადგან ეკლესია `წმიდათა საზოგადოებაა.~

ეკლესიაში საღად მოაზროვნე და განათლებული კადრების დასამკვიდრებლად, „თეოლოგის“ აზრით, „ჩვენმა სახელმწიფომ, თუ ის სახელმწიფოა, ან ასეთად ქცევას მაინც აპირებს, უნდა აღასრულოს თავისი მოვალეობა და დაიწყოს ეკლესიის კონტროლი“. შესანიშნავია, ბარემ ობერ-პროკურორი ჩავუყენოთ წმ. სინოდს სათავეში! ზ. უძილაური ვერ ფარავს თავის სიმპატიას საბჭოთა კავშირის რელიგიური პოლიტიკის მიმართ: „რელიგიის რწმუნებულის აპარატი, რომელიც სსრკ-ს დროს ეკლესიას აკონტროლებდა, ზოგიერთი მიმართებით ეკლესიისათვისაც კი სასარგებლო იყო. მაგ: შეშლილების, კრიმინალების მღვდლებად კურთხევა მაშინ ძალიან ჭირდა, დღეს კი ეკლესია ასეთებით გაივსო“.

ეს განცხადება სრული სიცრუე გახლავთ! პირიქით, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სწორედ კომუნისტური მმართველობის დროს აკურთხებდნენ ხოლმე კრიმინალებსა და КГБ-ს მიერ დამუშავებულ კადრებს. სწორედ ამ მოვლენების შემსწრე არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღშფოთებული მიმართავდა ერთ სასულიერო პირს: „სემინარიის წინ, კართან ორმო ამოთხარე, შიგ წყალი ჩაასხი და ვინც წყალზე არ გაივლის, რად გინდა ისეთი ადამიანები. შენ არ იცი, მაგრამ ჩეკისტებით აივსო აქაურობა. კაცი რწმენის მიხედვით უნდა მიიღო და არა საგნების ცოდნის მიხედვით“ (14)

თუ სახელმწიფო რელიგიის კონტროლს დაიწყებს, მაშინ პირველ რიგში, მოუწევს აკრძალოს ე. წ. „იეჰოვას მოწმეთა“ რელიგიური ორგანიზაცია, ვინაიდან მათი სწავლებით, მორწმუნეთათვის კატეგორიულად დაუშვებელია სამხედრო სამსახური. ამ აღმსარებლობის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში კი სახელმწიფოს კრახი გარდაუვალია. სწორედ ამ მიზეზის გამოა აკრძალული ეს რელიგიური ორგანიზაცია მრავალ ქვეყანაში.

„თეოლოგი“ ეკამათება რა ერთ „ფუნდამენტალისტს“, მას სიყვარულის ნაკლებობას საყვედურობს და სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „მართლმადიდებლობა უსიყვარულოდ?“ ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მან თავად უნდა გვიჩვენოს სიყვარულის მაგალითი. ზელიმხან უძილაური ასეც იქცევა და ასე ახდენს საკუთარი სიყვარულისა და შემწყნარებლობის დემონსტრირებას: თანამედროვე მართლმადიდებლობა მისი თქმით, არის ბარბაროსობა, ფანატიზმი, შეშლილობა, სრული სიბნელე, გონებრივი ქონდრისკაცობა, ერის გამომათაყვანებელი ოპიუმი, სულიერი და პოლიტიკური მონობის იარაღი, სულის ჩამკვლელი, ჯალათობა, რუსეთუმეობა, კოლაბორაციონიზმი, მოძალადეობა, უსინდისობა. ვერაფერს იტყვი, სიყვარულის არაჩვეულებრივი გამოვლინებაა.

ზ. უძილაურის ნაშრომში ვხვდებით ნამდვილი თეოლოგისათვის შესაფერის ლირიკულ-„თეოლოგიურ“ გადახვევებსაც, მაგ.: „სკოლის დამთავრების შემდეგ, „ნახალოვკაზე“, სადღაც ოქტომბრის ქუჩაზე ნაქირავებ სარდაფში მარტო ვცხოვრობდი, არც სრულწლოვანი ვიყავ ჯერ და არც ქალთან ნამყოფი“. გვხვდება ისეთი განცხადებებიც, რომლებიც არავითარ კომენტარს არ საჭიროებს; რომ თითქოს თანამედროვე მართლმადიდებლობა „სტალინური ეპოქის შემოქმედება და იდეოლოგიური სახეცვლილებაა„, ანდა: „მართლმადიდებლობა სხვა არაფერია, თუ არა გასაბრუებელ-ნარკოტიკული საშუალება, ანუ სუბოტექსი.“

მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება ლიბერალი „თეოლოგების“ ამ უაზრო ცილისწამებისათვის: მაგ სიმართლით იარეთ!

 

 

შენიშვნები:

1. http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=145

2. მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, ბერძნულიდან თარგმნა ე. დუღაშვილმა, თბ., 2010, გვ. 28.

3.  Архимандрит Софроний (Сахаров), Видеть Бога как он есть, Свято-Троицкая Сергиева Лавра, 2006, გვ. 235.

4. წმიდა სილუანის ცხოვრება და სწავლებანი, I-II, თბ., 2009, გვ. 185.

5.  ვლ. ლოსკი, დოგმატური ღვთისმეტყველება, თარგმნა ზ. ეკალაძემ, თბ., 2007, გვ. 3.

6. იხ. ა.ჰარნაკის `ქრისტიანობის არსი~ (1900), `დოგმატების ისტორია~ (1894-1898) და ა. შ.

7.  ფ. დოსტოევსკი, იდიოტი, თბ., 1987, გვ. 639.

8.  ვლ. ლოსკი, ოპტინელი ბერები, თბ., 2008, გვ. 19.

9.  Слова Преподобного Симеона Нового Богослова, т. II, М., 2006, გვ. 523-524.

10.  სქემარქიმანდრიტი იოანე (მასლოვი), ლექციები სამოძღვრო ღვთისმეტყველებაში, თარგმანი გ. რუხაძისა, თბ., 2007, გვ. 284.

11. მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბ., 2010, გვ. 55.

12.  Слова Преподобного Симеона Нового Богослова, т. II, М., 2006, გვ. 533.

13.  სქემარქიმანდრიტი იოანე (მასლოვი), ლექციები სამოძღვრო ღვთისმეტყველებაში, თბ., 2007, გვ. 497.

14. თქვენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა, ცხოვრება, სწავლანი და მოგონებანი ბერი გაბრიელისა, თბ., 2009, გვ. 64.

ლევან ბებურიშვილი

Advertisements
This entry was posted in რელიგიური პუბლიცისტიკა and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s